პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება.

გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს, 18 მარტს მიიღო. სხდომას სანდრა რულოვსიც ესწრებოდა.

ოფიციალურად გადაწყვეტილებას პარტია 24 მარტის ყრილობაზე მიიღებს – ვაშაძის კანდიდატურას მხარი დელეგატებმა უნდა დაუჭირონ.

“ეს პოლიტსაბჭოს ყრილობის მოსამზადებელი სხდომა იყო. შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. დავნიშნეთ ადგილი და თარიღი. შევიტანეთ წესდებაში პატარა ცვლილებები და ასევე განვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ შევჯერდით, შუალედურ არჩევნებში როგორ ვღებულობთ მონაწილეობას. კანდიდატები გადაწყვეტილი არ არის, დავილაპარაკეთ იმაზე, რომელი რეგიონები გვეჩვენება ჩვენთვის პერსპექტიულად და რომელ რეგიონში უნდა დავუჭიროთ მხარი სხვა ოპოზიციის კანდიდატს. .

ეყოლება თუ არა პარტიას ახალი თავმჯდომარე ჩემი სახით, ამას დელეგატები გადაწყვეტენ. ლოკომოტივს ნუ გავუსწრებთ, ეს დემოკრატიული პარტიაა”,- თქვა გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე.

დღეს გრიგოლ ვაშაძემ ასევე თქვა, რომ 2017 წლის 23 იანვრამდე ნაციონალური მოძრაობის ოფისშიც არ არის ნამყოფი, არ დასწრებია არც ერთ პარტიულ ღონისძიებას, ამიტომ არ იცის, მანამდე რა ხდებოდა პარტიაში.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-წალენჯიხა საკადრო ცვლილებების მოლოდინში
შემდეგი სტატიასოფელ ჭითაწყარში მდებარე სასაფლაოზე ხანშიშესული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს