ოპოზიციური მერია ხალხისკენ, “ოპოზიცია” – ხელისუფლებისკენ: რა მოხდა წალენჯიხის საკრებულოში?

წლებია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეწერ-ფერდის მოსახლეობა გზების რეაბილიტაციას ითხოვს და ამ ხნის განმავლობაში, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ხალხისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. არადა, სოფელში არის უბნები, სადაც, მოსახლეობას უამინდობის დროს ავტომანქანით კი არა, ფეხით გადაადგილებაც კი უჭირს.

ერთი სიტყვით, 11 წელია, „ოცნების“ ხელისუფლებას ამ პრობლემისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ზოგადად, წალენჯიხაში ოპოზიციურმა ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით, მხოლოდ ეს კი არა, პრობლემების მთელი “ბუკეტი” მიიღო.

წალენჯიხის ოპოზიციური ხელისუფლება ცდილობს, ყველა პრობლემა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ხალხს, მოაგვაროს. ამ მხრივ, გამონაკლისად ვერც ეწერ-ფერდის გზების რეაბილიტაციის საკითხი ვერ ჩაითვლება. მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი პროექტი მომზადდა, რომელიც გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და რომლის ჯამური ღირებულებაც 2 მილიონ ლარს შეადგენს.

წესი ასეთია: აღმასრულებელი ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, წალენჯიხის მერიის მიერ მომზადებულ ნებისმიერ პროექტს საკანონმდებლო ორგანო, ანუ, წალენჯიხის საკრებულო ამტკიცებს, უფრო სწორად, საკრებულო თუ, რომელიმე პროექტზე იტყვის, რომ მოსწონს, მერიას პროექტისთვის ხორცშესხმა შეეძლება. მერიამ, ეს პროტოკოლი, ამჯერადაც ზედმიწევნით დაიცვა და აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა?! – წალენჯიხის საკრებულომ პროექტს, რომელიც ხალხს შვებას მისცემდა, მხარი არ დაუჭირა, რის გამოც, ეწერ-ფერდელები ხვალ მესტიისკენ მიმავალ გზას, ისევ, გადაკეტავენ.

ველაზე საინტერესო ის არის, რომ „ოცნებასთან“ ერთად, ხალხის წინააღმდეგ „ლელოს“ ერთი დეპუტატი და გახარიას პარტიის წარმომადგენლები წავიდნენ. ისიც შოკია, რომ ხალხისთვის სასარგებლო პროექტის წინააღმდეგ – არც მეტი, არც ნაკლები – თავად სოფლის მაჟორიტარმა, ზაზა უბილავამ გაილაშქრა და ხმა პროექტის საწინააღმდეგოდ მისცა. არადა, ნებისმიერის, მათ შორის, ამ სოფლის მაჟორიტარის უმთავრესი ფუნქცია და მოვალეობა ის გახლავთ, რომ ხალხის სასიკეთო ინტერესების გატარებაზე იზრუნოს და არა – მაგალითად, პირად კეთილდღეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, წალენჯიხის საკრებულოში „ოცნების“ მაჟორიტარებმა მხოლოდ ის იციან, რომ პარტიული დავალებები შეასრულონ და თუ, პარტიას დასჭირდა, მხოლოდ ხალხს კი არა, საკუთარ მშობელსაც კი სასიკვდილოდ გაიმეტებენ – პავლიკ მოროზოვის მსგავსად!

წალენჯიხის საკრებულო ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 12 მანდატი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 11 მანდატი;
„საქართველოსთვის“ — 3 მანდატი;
„ლელო“ — 1 მანდატი.

ერთი სიტყვით, ვითომ ხალხზე მზრუნველმა „ოცნებამ“ და მისი ფარული, თუ ღია ინტერესების გამტარებელმა გახარიას პარტიის (“საქართველოსთვის”) წარმომადგენლებმა, ეს, ხალხისთვის სასიკეთო პროექტი ჩააგდეს, თუმცა, წალენჯიხის მერია უკან არ იხევს და პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში გააგზავნა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ პროექტის საჭიროება არსებობს, ამიტომ მერია მის გატანას მაინც შეეცდება.

ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ წალენჯიხის საკრებულოს „ოცნების“, „ლელოს“, გახარიას პარტიისა და პარტიული დავალებების შემსრულებელი სოფლის მაჟორიტარის მავნებლობის მიუხედავად, წალენჯიხის მერია, ესე იგი, ოპოზიციონერი მერი და მისი გუნდი, მოსახლეობისთვის ძალიან კარგ საქმეს, მაინც გააკეთებს და სოფელ ეწერ-ფერდის გზების რეაბილიტაციას მაინც დაიწყებს. ისე, „ოცნება“ და მისი მაჟორიტარის მავნებლობა გასაგებია, მაგრამ აი, გახარიას გუნდი დღე და ღამე რომ ამტკიცებს: “ყველაზე ნამდვილი ოპოზიცია ჩვენ ვართო”, საინტერესოა, გადამწყვეტ მომენტებში, ისე რატომ ხდება, რომ „ოცნების“ სცენარით თამაშობენ?! ეს ფარული გარიგებაა თუ საქმე სხვა რამესთან გვაქვს?!

აქვე, გეტყვით რომ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკრებულოს მოწონება და “მწვანე შუქი” არ სჭირდება, ხოლო გზების რეაბილიტაციის პროექტს საკრებულოს “მწვანე შუქი” იმიტომ სჭირდებოდა, რომ მას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ფონდის წლიური თანხა კი ოთხ მილიონ ნახევრ ლარამდეა.

ანუ, საკრებულოს წევრებისთვის თავიდანვე აპრიორი ცნობილი იყო, რომ გზების რეაბილიტაციის ეს პროექტი დაფინანსებული იქნებოდა რეგიონალური ფონდიდან და შესაბამისად, საკრებულოს მოწონება სჭირდებოდა.

მთელ ამ ამბავში, უმნიშვნელოვანესია ერთი ნიუანსი – მერია ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, ხოლო საკრებულოს ეს პროექტი რომ მოეწონებინა, მაშინ მოსახლეობის თვალში ქულები ოპოზიციონერი მერის ანგარიშში ჩაითვლებოდა და არა -„ქოცური“ საკრებულოს. ამიტომ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ ჩააგდეს „ოცნებამ“ და (საკრებულოში) მისმა სატელიტმა ოპოზიციონერებმა ზემოხსენებული პროექტი.

მართალია, საკრებულომ ამ ყველაფრის მისაჩქმალად, ვითომ ტექნიკური საკითხები მოიმიზეზა: მერია პროექტს როგორ განახორციელებს, თანხას სად მოძებნის, ტენდერს როგორ გამოაცხადებს, შესრულების რა ვადას მისცემს და ასე შემდეგ და ეს მაშინ, როცა ყველამ კარგად იცოდა, რომ პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდებოდა.

სხვათა შორის, საკრებულოს მიერ დასმულ კითხვებში ხსენებულ საკითხებს, საკრებულო კი არა, მერია კურირებს, ანუ საკრებულო აღმასრულებელი ორგანო არაა და მოქმედებს თავის კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო თანხების ხარჯვას, ტენდერის გამოცხადებას და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას, ასევე, შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას და სხვა, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მერია ახორციელებს.

ავტორი:ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიEdison Research: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
შემდეგი სტატიაბაიდენი – ეჭვგარეშეა, დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ატერორებენ რესპუბლიკელი ექსტრემისტები, მათი დღის წესრიგი თუ განხორციელდება, ფუნდამენტურად შეცვლის დემოკრატიის ინსტიტუტებს