“ოპოზიციასთან ვიმსჯელებთ, მრავალმანდატიანი ოლქები ქვეყანას რამდენად სჭირდება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელი უმრავლესობის სხდომის შემდეგ აღარ საუბრობენ 2024 სრულად მაჟორიტარული, ანუ ე.წ. ამერიკული სისტემით ჩატარების შესახებ, რადგან პრინციპზე შეთანხმდნენ.

„მაქსიმუმ, ერთ-ორ დღეში გავახმოვანებთ გადაწყვეტილებას, რაც კონკრეტულ, ტექნიკურ და სხვა დეტალებს შევაჯერებთ, რადგან იმ გადაწყვეტილებასა და შეთანხმებაში ბევრი დეტალია, რაზეც შეთანხმება ასევე გვჭირდება. მართალია, შედარებით მეორეხარისხოვანი, მაგრამ მაინც. გადავწყვიტეთ, ამ თუნდაც მეორეხარისხოვანი დეტალების შეუთანხმებლად გადაწყვეტილების არსი გარეთ არ გამოგვეტანა. მაგრამ გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას და რამოდენიმე დღეში ეს შეთანხმება გაფორმდება, რომ 2024 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად არ გავლენ. ჩვენი პირობაა, რომ ხელმოწერებზე პლებისციტისა თუ რეფერენდუმის ჩატარების, ასევე 2024 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნაზე საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ შეთანხმების პირობებზე ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით. გუშინდელმა სხდომამ ამის თამამად განცხადების საფუძველი მომცა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება მრავალმანდატიან ოლქებს, მდინარაძის თქმით, იქნება მსჯელობა, ეს საკითხი მიზანშეწონილია თუ არა.

„რადგან ოპოზიციამ, რომელიც შეხვედრაზეა წარმოდგენილი, გაწია გვერდზე „გერმანული მოდელი“ და საუბრობს უკვე მაჟორიტარულ ნაწილში როგორ განაწილდეს და ჩაიშალოს მანდატები, აქ ჩვენ ვთქვით, რომ ამ საკითხს კონსტიტუციურობის ტესტი გავლილი აქვს. მაგრამ ამის იქით ეს მიზანშეწონილია თუ არა, ასეთ საკითხზე გვექნება საკამათოც, სამსჯელოც და სადისკუსიოც.

ამ დისკუსიაში შევყვებით. ვიმსჯელებთ, ეს საკითხი მიზანშეწონილია თუ არა, რაზეც ჩვენ პასუხი ჯერ არ ვუთხარით. მათაც გვითხრეს მხოლოდ პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხს განვიხილავთ. მრავალმანდატიანი იქნება, განაწილების სხვა წესზეც იქნება საუბარი თუ ა.შ. ეს ჩვენ შეთანხმების საგნად მიგვაჩნია. მათ მიერ წარმოდგენილ პროექტში ცალკე კომპონენტად რადგან განიხილავენ ამას, ვეუბნებით, რომ კონსტიტუციურია, მაგრამ უფრო დეტალურად განვიხილოთ. მათი სიჯიუტის შემდეგ, ახლა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ და ვამბობთ, რომ მიზანშეწონილობის ნაწილში ბევრი ვიმსჯელოთ, ქვეყანას რამდენად სჭირდება, რამდენად პრაქტიკული და რამდენად სამართლიანი იქნება. ამ საუბრის შემდეგ მიზანშეწონილობის საკითხზე ჩვენ დისკუსიაზე გადავედით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბუნებას მოწყდა ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს-ვოლსკი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა სოფო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა