“ოცნების” არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ მაღალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შანსი დაგვაკარგვინა – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები 2021 წლის არჩევნების მიმდინარეობას ეხმიანებიან და წერენ, რომ არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა, თუმცა “ქართული ოცნების” არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ “ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დაგვაკარგვინა”.

“ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესებისშესაბამისად წარიმართა. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი დარღვევები ცალსახად ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, საარჩევნო პროცესისა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ამ დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა”, – წერია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები.

“სახეზეა, მმართველი პარტიის გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა, რისი მიღწევაც, მათ შორის, სავარაუდო კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე. უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პროაქტიულად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება, ასეთ პირობებში კი სულ უფრო რთულდება, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი.

მათი თქმით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ განწყობაზე – არ დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები ამ გაცხადებული მიზნის აშკარა დადასტურებაა.

“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ, ხელისუფლების ხელშია დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
მედიის განვითარების ფონდი – MDF
კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR
საფარი
საზოგადოება და ბანკები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ცენტრი ემპათია
საქართველოს გაეროს ასოციაცია

წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში საერთაშორისო ორგანიზაცია ახალ ოფისს ხსნის