ნინო ბურჯანიძე – „მგელი, მგელი მოდისო“ არ იყოს, ყოველ არჩევნებზე იძახიან, სააკაშვილი მოდისო

„მგელი, მგელი მოდისო” არ იყოს, ყოველ არჩევნებზე გვეძახიან, რომ სააკაშვილი მოდისო,-ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ”ქართული ოცნება” ადგილობრივი არჩევნების წინ ხალხის დასაშანტაჟებლად იყენებს.

”სამწუხაროდ, საქართველოში ”ქართული ოცნების” მხრიდან გრძელდება მოსახლეობის დაცინვა და ხალხის მასხრად აგდება, კომედია და ადამიანების ნერვების მოშლა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ”ქართული ოცნება” ჩვენ აშკარად და ურცხვად გვატყუებდა. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ პრემიერ-მინისტრების, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეების და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები წლების განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლებას გადაცემული ჰქონდა მოთხოვნა სააკაშვილის ძებნასთან და ექსტრადირებასთან დაკავშირებით. გუშინ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მზაობა და მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაუგზავნა უკრაინის ხელისუფლებას. საქმე გვქონდა ”ქართული ოცნების” ტყუილებთან, საქმე გვქონდა რეალურად გარიგებასთან და ”ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციასთან. საქმე გვქონდა იმასთან, რომ მოსახლეობის მოტყუების ხარჯზე, ხალხი ყველა არჩევნების დროს დაეშანტაჟებინათ, სააკაშვილი გამოეყენებინათ, როგორც საფრთხობელა და ადამიანები დაეყენებინათ არჩევანის წინაშე: ან დანაშაულებრივი ”ნაციონალური მოძრაობა”, ან უმაქნისი ”ქართული ოცნება”. ”მგელი, მგელი მოდისო” არ იყოს, ყოველ არჩევნებზე გვეძახიან, რომ სააკაშვილი მოდის. მოვიდეს და ჩასვას ”ქართულმა ოცნებამ” ციხეში, მაგრამ ”ქართული ოცნება” მის ციხეში ჩასმას არ აპირებს. არც არავითარი სურვილი აქვთ, რომ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდეს, თუნდაც მართლმსაჯულებისათვის წარდგენის მიზნით”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ”ქართულ ოცნებასთან” გარიგებით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი გადაირჩინა და მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩა.
”ქართულ ოცნებას” სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ კვლავ გაახსენდა იმისთვის, რომ ისევ სატყუარა იყოს ხალხისათვის, ისევ მოატყუოს და დააშანტაჟოს ხალხი, რომ თუ არ აირჩევენ ”ქართულ ოცნებას”, მობრუნდება ”ნაციონალური მოძრაობა”. ”ნაციონალური მოძრაობა” მობრუნდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა ახლაც დაბრმავდება ”ქართული ოცნების” ტყუილებით და ბიძინა ივანიშვილის მილიარდებით და კვლავ ”ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას. იმიტომ, რომ ეს გარიგება, რაც ჩვენ დავინახეთ წლების განმავლობაში, დაწყებული კოჰაბიტაციის პირველი დღეებიდან, ყველა არჩევნებზე: საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმართველობის წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდა იმ შედეგით, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაირჩინა თავი და დარჩა, როგორც თითქოსდა მთავარი ოპოზიციური ძალა, ის არის წარმოდგენილი პარლამენტში სერიოზული ფინანასური, მედია და ადმინისტრაციული რესურსით, ვინაიდან ყოფილი ”ნაციონალები” კვლავ არიან თანამდებობზე, მათ შორის ”ქართული ოცნების” მაღალ თანამდებობებზე.

მე მინდა მოვუწოდო ქართულ საზოგადოებას, გამოფხიზლდეს ქვეყანა და კარგად დაინახოს ყველა არჩევნების წინ ხელისუფლება იყენებს ისეთ თემებს, რომელიც არის ძალიან მტკივნეული ადამიანებისათვის. ყველა არჩევნების წინ ხელისუფლებას ახსენდება სააკაშვილი და ვითომდა სამართლიანობის აღდგენა, ოღონდ არჩევნების შემდეგ ეს თემები დავიწყებას მიეცემა. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამჯერად მაინც მოსახლეობა გონიერების თვალით შეხედავს არჩევნებს და არ წამოეგება ამ პროვოკაციებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატია„აზოვის“ ეროვნული ბატალიონი უარყოფს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გადაისროლეს, რათა ქვეყანაში მის დაბრუნებას ხელი შეუშალონ