ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომაზე გიორგი გახარიას უნამუსო უწოდა

გასაგებია, რომ მეხუთეჯერ მობრძანდით პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას ამბობთ და რას საუბრობთ, – ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას.

მისი თქმით, შს მინისტრმა გამოსვლისას აქცენტები გააკეთა, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტების კამპანიას აწარმოებს. თუმცა, დეპუტატის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრი თავად უწყობს პოლიციის დისკრედიტაციას ხელს.

„თქვენ ბრძანეთ, რომ მეხუთეჯერ წარვსდექი თქვენს წინაშე საპარლამენტო ტრიბნუასთან, მეხუთეჯერ მომიწია გამოსვლაო და ეს საპარლამენტო დემოკრატიის პლიუსად აქცენტირებულად თქვით. გასაგებია, რომ მეხუთეჯერ მობრძანდით პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დადგებით, არამედ რას ამბობთ და რას საუბრობთ. თქვენ ბრძანეთ დასაწყისში ძალიან უცნაური რამ, თითქოს ჩვენ და ჩვენზე იყო აქ აქცენტი გაკეთებული, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. მე გეტყვით საპირისპიროს – თუ ვინმე დისკრედიტაციას უწყობს ხელს პოლიციისას, ბრძანდებით პირადად თქვენ, ბატონო გახარია, ადამიანი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც კი. მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი – ხვიჩა ცხაკაია საკმარისია. თქვენ ასე ვთქვათ, თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ უბრალოდ არ გსმენიათ, არადა, პირადად ხართ ამ ადამიანთან შეხვედრილი“, – მიმართა ნიკა მელიამ მინისტრს.

ამასთან, მისი განცხადებით, გიორგი გახარია იმ გუნდის თვალსაჩინო ლიდერია, რომლის რიგებშია კახა კალაძე.

„თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება, იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ლავას ოღლის ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი. რომლის რიგებში გახლავთ კალაძე, თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ თბილი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს რვა სული ქურდით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტებას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრვალჯერ დაგიფიქსირებთ“, – განაცხადა მელიამ სხდომაზე.

ნიკა მელიას ამ განცხადებას სასესიო დარბაზში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. გამოსვლა საპრლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. ამის შემდეგ მელიამ უშუალოდ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

„უნამუსოა ადმიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას გარდაცვალებაზე, უნამუსოა ადამიანი, ვინც სპეცრაზმს შეიყვანს პანკისში“, – განაცხადა მან.

აღნიშნული განცხადებებისა და ხმაურის შემდეგ პარლამეტნის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მცირე რეპლიკით მიმართა და აღნიშნა, რომ მელია პროვოკაციას აწყობს. „ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

banner
წინა სტატიაში“პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში” – გიორგი გახარია
შემდეგი სტატია“ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული” – გიორგი გახარია