ნიკა მელია: ხელისუფლება, რომელიც ქვას ისვრის ის მარცხდება

ხელისუფლება, რომელიც ქვას ისვრის ის მარცხდება, – ასე შეაფასა გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ მასზე თავდასხმა. ქვების დაშენის დროს სკვერში ხალხთან, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იყო.

“ბუნებრივია, მიზანში მე ვიყავი ამოღებული, მაგრამ აქ შეიძლებოდა თანაბრად მოხვედროდა ქვა ნებისმიერ სხვას, მათ შორის ბავშვს და ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ აქ არავინ დაშავდა”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნებს აგებს და ამიტომ ესხმის თავს ოპოზიციონერებს.

“ხელისუფლება ერთი მხრივ უმძიმეს დანაშაულს ჩადის, რომ ამ ყველაფერს აკეთებს და მეორე დანაშაული არის ის, რომ ახალისებს ადამიანებს, რომ ეს გააკეთონ, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს. ბატონი კობიაშვილი საქმის კურსშია, რომ ის აქ აგებს არჩევნებს პირველ ტურში, მწყობრიდან არიან გამოსულები. ტრადიციად აქციეს უკანასკნელ დღეებში ოპოზიციონერ კანდიდატებზე თავდასხმა.

ძალმომრეობა არ გავა, ძალდატანებით შენ ვერ გადააწყვეტინებ საკითხს ხალხს ისე, როგორც შენ გინდა, არ დაშინდება ხალხი და არ შეიცვლის პოზიციას და ქართულ ოცნებას არ მისცემს ხმას. ხელისუფლება, რომელიც ქვას ისვრის, ძალადობას, ის მარცხდება და მათ იციან ეს უკეთ, ვიდრე მე და თქვენ. ძლიერი ასე არ იქცევა, ასე იქცევა უსუსური და დამფრთხალი”, – აღნიშნა მელიამ.

ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მელიას კვერცხები და ქვები დაუშინეს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუპოვი აცხადებს, რომ სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტისას მას „ქართული ოცნების“ 50-მდე მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი