მუცლის ამოყორვაზე ​არიან გადაგებული – ოპოზიცია ზუგდიდში “ოცნების” წევრების ქეიფზე

ზუგდიდის ბიუჯეტის ძალადობრივი დამტკიცების შემდეგ “ქართული ოცნების” რეგიონული ლიდერების ქეიფს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამომრჩევლის ნება სრულიად უგულებელყოფილია.

“საკრებულოს სხდომა მოუწიათ გაძლიერებული კორდონით, გარეთ დაიჭირეს არჩეული საკრებულოს წევრი, ჩაიდინეს უბედურებები იმიტომ, რომ აი ასე, უკანონოდ და უსამართლოდ დაემტკიცებინათ ბიუჯეტი.

გაეზარდათ საკუთარი თავებისთვის არაფრის კეთებაში ხელფასები 1 000 ლარით ზუგდიდელების ხარჯზე. და შემდეგ ამ ძალადობისა და გაზრდილი ხელფასების ფონზე, წავიდნენ და ისევ ბიუჯეტის ფულით გამართეს ღრეობა, ეს არის ის, რაც რეალურად უჩვენებს მათ სახეს, რას წარმოადგენენ და რისთვის არიან ხელისუფლებაში მოსული”, – ამბობს ენმ-ის წევრი ანი წითლიძე.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია კალანდია, “ოცნების” წარმომადგენლების ქმედებები ყველა კანონიერი ნორმის ანულირებისკენ არის მიმართული.

“დაგვატერორეს, გამოგვყარეს, ფიზიკურად იძალადეს და შემდეგ იქეიფეს, ვერიდები მსგავს შეფასებას, მაგრამ ეს არის უსინდისო, უნამუსო, ქვეყნის მოღალატე კოლაბორაციონისტთა ხროვა. მიმართული არიან იქითკენ, რომ ყველაფერი, რაც კონსტიტუციასთან და კანონთანაა დაკავშირებული ხაზი გადაუსვან, დაგვცინონ და მოსახლეობას უთხრან, რომ საკუთარ ჯიბეზე, საკუთარი მუცლის ამოყორვაზე გადაგებული ადამიანები არიან”,- ამბობს მაია კალანდია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ
შემდეგი სტატიაკომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებენ