“მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული “

მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ვირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება იძლეოდა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში დაგროვილ კითხვებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უწყებათაშორის საბჭოზე და გვსურს, რომ ეს გადაწყვეტილებები დეტალურად გაგაცნოთ. ამ არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება გვაძლევდა. ჩვენ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა და მოიმატებდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად. ეს ბუნებრივიც იყო, რა ვითარებაც დღეს, ამ მიმართულებით გვაქვს ქვეყანაში. ამასთანავე, ვთქვით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, ვინაიდან, შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების კვლავ დაწესებას ქვეყანა ეკონომიკურად ვეღარ გაუძლებდა. როდესაც თანმიმდევრულობაზე ვსაუბრობთ და მთავრობის პოლიტიკის მეტ-ნაკლებ პროგნოზირებადობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობდით წლის დასაწყისში, როდესაც პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, პრაქტიკულად, დღეს გვაქვს ეს რეალობა“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – დღეს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს
შემდეგი სტატიარიჟვაძე: აჭარაში მზად გვაქვს 350 საწოლი და სასტუმროს 400-ზე მეტი ნომერი