მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩემი ზიარებისთვის

ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში:

“1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ და ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის.

არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს. აქვე, მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილის მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა. მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში, ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში.

ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი.

და ბოლოს, ჩემთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებელისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილისმყოფელი დღე იყო. დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩემი ზიარებისთვის” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს