მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხით სპეკულირება არ შეიძლება. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთაც საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს.

„არ შეიძლება, ამ თარიღებით სპეკულირება. შეიძლება, გარკვეულ ჟურნალისტს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, პოლიტიკოსებს თავისი მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, აგვისტოში ისვენებს ევროპარლამანეტი და შესაბამისი სტრუქტურები, მანამდე განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელმაც მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განხილვა მოხდა ლიბეს კომიტეტში, რომელიც არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი.

ასევე საჭიროა, პლენარულ სესიაზე გავიდეს და მოხდეს ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს პროცედურები მიმდინარეობს აქტიურად, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან აქტიურად გამოიხატება მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი. ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია რეფორმების, გადადგმული ნაბიჯების მიხედვით. დღეს საკითხი არ დგას, მიიღებს თუ არა საქართველო ვიზის თავისუფლებას, ეს დამოკიდებულია პროცედურებზე. მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სპეკულაცია თარიღებთან დაკავშირებით, სპეკულაციას არ ვგულისხმობ ცუდი გაგებით, ნებისმიერი თარიღის დასახელება, ეს იქნება სექტემბრის ბოლოს თუ ასე შემდეგ, არ არის სწორი. ჩვენ მივყვებით პროცედურებს, ამ პროცედურების შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პოზიტიურად დასრულდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობამ კარკამიშის მოსახლეობას ქალაქის დატოვება უბრძანა
შემდეგი სტატია“ეს არის წარმოუდგენელი განცხადება” – თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს