მარიუპოლის მერის მოადგილის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის პროცედურები დაიწყო და ამ მიზნით 50 ავტობუსის მობილიზება შეძლო

მარიუპოლის მერის მოადგილის სერგეი ორლოვის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაციის პროცედურები და ამ მიზნით 50 ავტობუსის მობილიზება შეძლო.

ქალაქის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთი ცეცხლის დროებითი ჰუმანიტარული მიზნებისთვის შეწყვეტის შეთანხმებას შეასრულებს, ქალაქიდან 9 ათასი ადამიანის გაყვანა იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ პროცედურები მოსახლეობის გასაყვანად. ჩვენ შევძელით 50 ავტობუსის ორგანიზება და ვფიქრობთ, რომ ამ გზით 5-6000 ადამიანის გაყვანას შევძლებთ ქალაქიდან ზაპოროჟიაში. ადამიანებს ასევე შეუძლიათ გავიდნენ კერძო მანქანებით. ჯამში ვფიქრობთ, რომ ამგვარად ქალაქს 7-9000 ადამიანი დატოვებს, თუ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმება იმუშავებს“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, მოსახლეობის მატარებლით ევაკუირება ვერ ხერხდება, რადგან რუსული თავდასხმებისას სარკინიგზო ტრასები განადგურდა.

„ჩვენ რუსული მხარისგან არ გვაქვს დასტური იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხვალაც გაგრძელდება. ახლა ამ მოცემულობით ვმუშაობთ,“- განაცხადა სერგეი ორლოვმა.

„ქალაქი უკვე 4 დღეა ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი და ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა რთულია,“- აღნიშნა მერის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშირეზნიკოვი – მტერი ყოველ სიცოცხლეზე, ყოველ ცრემლზე აგებს პასუხს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
შემდეგი სტატიაალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა