მამუკა მდინარაძე: მთავრობის არცერთი კანონპროექტი არ დაგვიბლოკავს, იმიტომ, რომ ყველა შეჯერებულია და შეჯერებული კანონპროექტის დაბლოკვა ვიღაცის დასანახად, ჩვეულებრივი პრაქტიკაა?

„პოზიტიურად უპრეცედენტოა ის ამბავი, რომ საპარლამენტო ინიციატივების რაოდენობა მეტია სამთავრობო ინიციატივების რაოდენობაზე – ამ მხრივ განსხვავებული სტატისტიკაა ევროპულ პარლამენტებში“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პარლამენტს ყოველდღიური უშუალო კომუნიკაცია აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და შესაბამისად, კანონპროექტებთან დაკავშირებით აზრიც შეჯერებულია.

„გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, ერთი კანონი დამისახელეთ, რომელიც მთავრობას დაუბლოკეთო. მოდით, მე სხვა მოცემულობას მოგიყვებით – მთავრობასთან უშუალო კომუნიკაციაა და მართლა ყოველდღიურ რეჟიმში, მე პირადად, მიწევს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან მსჯელობა, დისკუსია, კამათი სხვადასხვა საკითხებზე, შემდეგ ვჯერდებით და ისინი წარმოადგენენ ხოლმე კანონპროექტებს. შეჯერებული კანონპროექტის დაბლოკვა ვიღაცის დასანახად, ჩვეულებრივი პრაქტიკაა? არცერთი არ დაგვიბლოკავს, იმიტომ, რომ ყველა შეჯერებულია. გულწრფელი აღიარება ჩემგან, რომ წინასწარ დეტალურად გავდივართ ყველა თემას. ყველა დონეზე. ერთი სამართლიანი რამ გავიგე დღეს, როდესაც ანა წითლიძემ აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. მართლაც ეკუთვნით მათ ეს მადლობა დღე და ღამე დაუღალავი შრომისთვის. აპარატის თანამშრომლების დონეზე დილიდან გვიან ღამემდე მიდის კომუნიკაცია. ვაღიარებ, თუ ეს დანაშაულია, ჩვენ ამ დანაშაულს „ჩავდივართ“ და არ ვხარჯავთ თქვენს და ჩვენს ძვირფას დროს“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ინიციატივების რაოდენობა აჭარბებს სამთავრობო ინიციატივების რაოდენობას და ეს ფაქტი უპრეცედენტოდ პოზიტიურია.

„200 -ზე მეტი საპარლამენტო ინიციატივაა შემოსული და კანონია განხილული და თუ არ ვცდები, 132-ია სამთავრობო ინიციატივა. ანუ, საპარლამენტო ინიციატივებმა რაოდენობრივად გაასწრო, იმდენად აქტიურია პარლამენტი. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი მიგითითებს და გლანძღავს მოსმენებზე, „ნაცმოძრაობა“ მოსმენებზე – ჩვენ. წარმოგიდგენიათ? „ნაცმოძრაობა“ ჩვენ გვიტევს ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: შეგაგინებენ, გაგლანძღავენ, უკადრებელს გაკადრებენ და ეს არის მიღებული – როგორც კი პასუხს გასცემ, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება
შემდეგი სტატიაკანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს