მამუკა ხაზარაძე: ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება

დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან. ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი. ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54 % – ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები.
არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას – უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.
ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახემწიფო წიაღისეული , რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე: წყალტუბოს განახლება არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის