მამუკა ბახტაძემ შსს-ს დაავალა, საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი უზრუნველყოს და დროულად აღკვეთოს ნებისმიერი კანონდარღვევა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელებს დაავალა, უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი, როგორც არჩევნების პირველ ტურში.

„ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მიმართა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე ყველა მედიასაშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვის უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებს.

„მოგეხსენებათ, პირველ ტურში მე პირადად ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც აღნიშნა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს