მამუკა ბახტაძე : ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ყველა რეგიონის თანაბრად განვითარებაა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2019 12:12

მამუკა ბახტაძე : ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ყველა რეგიონის თანაბრად განვითარებაა

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ყველა რეგიონის თანაბრად განვითარებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სოფლისთვის. მათი შექმნის იდეა კი, სწორედ იმას ემსახურება, რომ რეგიონებში, სოფლებში რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ შეძლოს ყველა საჭირო სერვისით სარგებლობა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი, შესაბამისად ეს არის იმის წინაპირობა, რომ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევ უფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათ ერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა თანაბრად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა.

„ამ მიმართულებით სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით და რამდენიმე კვირაში გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში. რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება“, – მიმართა პრემიერმა ადგილობრივებს სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ, უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით ისარგებლონ.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ამ სერვისებზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც მოქალაქეებს თავიანთ მომსახურებას შესთავაზებენ. პენსიონერები კი, პენსიას ადგილზე მიიღებენ.

ამასთან, მამუკა ბახტაძის შეფასებით, სოფელ უდაბნოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს.

„იცით, რომ რამდენიმე წლის წინ დავასრულეთ წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილო გზა და გპირდებით, რომ ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით. აქვე არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაც უნიკალური ძეგლია და ეს საშუალებას აძლევს სოფელ უდაბნოს, ჰქონდეს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და გპირდებით, თითოეული თქვენგანი უკვე უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდება თქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2019 12:12

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,422
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics