მაჭარაშვილი – მნიშვნელოვანია, ლომჯარიამ საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე

ჩვენ ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი.

„სახალხო დამცველი პატიმრის უფლებებით რომ ინტერესდება, ეს კარგია, მაგრამ მინდა, სახალხო დამცველმა საზოგადოებას აუხსნას, ხომ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო აქტი, ან საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ შევიდა, რომ სახალხო დამცველს უფლება ჰქონდეს, რომელიმე პატიმრის უფლებები განსაკუთრებულად მოიკითხოს, უფრო მეტიც, თქვენი კითხვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ითხოვდეს კერძო კლინიკაში მის გადაყვანას. სახალხო დამცველმა ეს უნდა აუხსნას განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და თქვას, ყველას აქვს თუ არა ამის უფლება და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი, რომ მოითხოვოს კერძო კლინიკაში მათი გადაყვანა.

ჩვენ ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად, ამიტომ მნიშვნელოვანია, მან საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე და ის, მისი აპარატი იცავს თუ არა ბოლომდე ყველა პატიმრის თანაბრობას კანონის წინაშე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით ვერ იცხოვრებს ვერც საქართველო, ვერც ხელისუფლება და ვერც საქართველოს საზოგადოება.

„ეს დასრულდება 30 ოქტომბრის შემდეგ“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 877 ადამიანი აიცრა
შემდეგი სტატიამთავრობის განკარგულებით, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა