ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიება მოძალადეებისთვის და ძალადობის ორგანიზატორებისთვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) “TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების არაეფექტურობაზე, უსაფუძვლოდ გაჭიანურებასა და გაუმჭვირვალობაზე საუბრობს.

ორგანიზაცია წერს, რომ 5 თვის გასვლის შემდეგაც, საზოგადოებას არ აქვს პასუხი ლექსო ლაშქარავასთვის 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები, ასევე, ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.

DRI-ის ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომამდე 3 დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). თუმცა, აღნიშნული სამედიცინო დასკვნა 5 ივლისის მოვლენების შედეგად მიღებულ დაზიანებებს შეეხებოდა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი. საქმის არსებითი განხილვისას შეუძლებელია ბრალის დამძიმება. შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ.

გარდა ამისა, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ამ ეტაპამდე არ არიან დაკავებულები მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობის შესახებ ცნობილია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, საგამოძებო ორგანოებისთვის”, – წერია განცხადებაში.

DRI მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე აწარმოონ ობიექტური გამოძიება და დააკავონ 5-6 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორი პირები.

banner
წინა სტატიაშიხვალ 3-წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა, ვერ შეგვაშინებთ – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მკვლელობა მოხდა