„ლელო“ – მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე

პარტია “ლელო საქართველოსთვის” საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, „რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად“.

„საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს რუსულ კანონს, რომელიც ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს და ხელახალი გასაბჭოებით ემუქრება.

ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ძალისმიერი მეთოდებით ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ამ პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, რომელიც უკანონო ბრძანებებს ასრულებს. ასეთი მთავრობა ჩვენს ქვეყანას არ უნდა მართავდეს! მათ დაკარგეს ლეგიტიმაცია!

დღეს და ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დღევანდელი დარბევის გამოძიება და ყველა დანაშაულებრივი ბრძანებისა და ქმედების შეფასება!

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. მოვუწოდებთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად.

ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტია მტკიცედ იდგება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 600 მილიონ დოლარს გამოყოფს
შემდეგი სტატიადარახველიძე – პოლიციელის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს