კურტ ვოლკერი: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებას არ ელოდება. როგორც ვოლკერმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა საქართველოს დემოკრატიის კუთხით მცირედი უკუსვლა ქონდა, ამასთანავე ნატოსთვის შემაშფოთებელ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთიც:

“საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს მაპი, მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი – ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად ნატოს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ “გაუყინავ” კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას.”- განაცხადა ვოლკერმა.

ვოლკერის თქმით გაფართოებასთან დაკავშირებით კრიტიკულად განწყობილი საფრანგეთისა და გერმანიის მოსაზრება შეიძლება გარემოებების მიხედვით შეიცვალოს, ამასთანავე მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი:

„ეს კონტექსტზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ “რუსეთის პროვოცირება” არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი.“- აღნიშნა ვოლკერმა.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან აჭარაში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაკეთდება