,,კრიზისი საქართველოს სარკინიგზო სექტორში” – „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ განცხადება

საქართველოს რკინიგზაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულს უწოდებს „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი
დათო გოჩავა და ,,კრიზისი საქართველოს სარკინიგზო სექტორში” ამ სათაურით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,სარკინიგზო სექტორში არსებულ კრიზისს თუ ღრმად გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ რომ ყველაფრის თავი და თავია სახელმწიფო, რადგან სწორედ სახელმწიფომ ვერ განსაზღვრა მკაფიოდ და ნათლად სტრატეგიული როლი, რომელსაც რკინიგზა თამაშობს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში – როლი, რომელიც განსაზღვრულია და მხარდაჭერილი სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით. ასეთი პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს!

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს რკინიგზაზე ადგილობრივი დანიშნულების სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 34 %-ით შემცირდა, საექსპორტო საქონლის გადაზიდვა – 38 %-ით, საიმპორტო საქონლის – 20 %-ით; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 49 %-ით შემცირდა, ანუ ფაქტობრივად განახევრდა; ჯამში, საქართველოს რკინიგზაზე ბოლო ოთხი წლის მანძილზე გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40 %-ით შემცირდა. რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას, – მისი მოცულობა იგივე დროის მონაკვეთში შემცირდა 23 %-ით.

ყოველივე ამას დაუმატოთ არაეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი – Stadler-ის ორსართულიანი მატარებელი, შემოვლითი რკინიგზა და ა.შ. დაუმატოთ მორალურად და ფიზიკურად ამორტიზებული მოძრავი შემადგენლობა, ინფრასტრუქტურის ობიექტები; აქვე გავიხსენოთ ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც შექმნილია რკინიგზაზე შრომის პირობების დაცვის კუთხით; გავიხსენოთ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით შექმნილი ვითარება (ცეცხლმოკიდებული სამგზავრო მატარებელი, ავარიები სარკინიგზო გადასასვლელებზე და ა.შ.); გავიხსენოთ რეორგანიზაციების დაუსრულებელი ციკლი რკინიგზაზე, რომლის შედეგი რკინიგზის ეფექტიანობის შემცირებაა მხოლოდ, რაზედაც ზემოთ ნახსენები მონაცემები მეტყველებს; გავიხსენოთ ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები – 160 ქვეყანას შორის დაკავებული 130-ე ადგილი…

„საქართველოს რკინიგზის“ სათაო ოფისის წინ მიმდინარე შიმშილობის აქცია, რომელიც ორი რკინიგზელის შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით დაიწყო და თანდათანობით სულ უფრო მეტად ძლიერდება, სწორედ რკინიგზაში არსებული ზემოთ ხსენებული მდგომარეობის შედეგია. რკინიგზის ხელმძღვანელობა, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენით და მათი აღმოფხვრით იყოს დაკავებული, საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტის დისკრედიტაციას ეწევა და ამით სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს რეალურად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ სახელმწიფოებრივი აზროვნება საერთოდ არ ახსოვთ და მხოლოდ პირადი და კლანური ინტერესების ტყვეობაში არიან.

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ აზრით საქართველოს სარკინიგზო სექტორში შექმნილია საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „კრიზისი“. მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, „კრიზისი“, როგორც წესი, რკინიგზაზე ფუნდამენტური ცვლილებების დაწყებას უწყობს ხელს. მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს პოლიტიკური შეთანხმებით – კრიზისის აღიარებით, იმის გაცნობიერებით, რომ რკინიგზაზე არსებული მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფისადმი ქვეყანაში არსებული მიდგომა ფუნდამენტურ ცვლილებას ექვემდებარება. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აღიარონ კრიზისი საქართველოს რკინიგზაზე და მხარი უნდა დაუჭირონ რადიკალურ გადაწყვეტილებებს აღნიშნულ სექტორში.

„საქართველოს რკინიგზის“ წესდების მუხლი 8.4-ის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრის უფლებამოსილება. კოკა გუნცაძემ უნდა მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, გამომდინარე კომპანიის ინტერესებიდან, და დააყენოს საკითხი „ინფრასტრუქტურის ფილიალის“ დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ – ეს იქნება მოშიმშილეების მოთხოვნის შესრულება, ნაწილობრივ, რა თქმა უნდა.

სარკინიგზო სექტორში შექმნილი რეალური მდგომარეობა კი საჭიროებს უფრო მეტ ქმედებას; სახელდობრ, „სამეთვალყურეო საბჭომ“ უნდა დააყენოს „დირექტორთა საბჭოს“ უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, სრული შემადგენლობით, და დაიწყოს ახალი „დირექტორთა საბჭოს“ დაკომპლექტება. ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი ნაბიჯი – ამას უნდა მოჰყვეს უამრავი სხვა ნაბიჯი და ქმედება, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს ახალი „დირექტორთა საბჭოს“ დაკომპლექტები” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკასპში ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გამგებლობის კანდიდატი წარადგინეს
შემდეგი სტატიახანძარი ხაშურში – ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს