კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო: ვის ეკუთვნის მთავრობის დახმარება?

200-ლარიანი კომპენსაციების მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებების მიღება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფება.

კომპენსაციას მიიღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ორ ან მეტ თვეს იღებდა ხელფასს; ან სამსახური დაკარგა დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებმაც დაკარგეს სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.

დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ პირებს, რომლებსაც 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში არ უფიქსირდებათ სახელფასო განაცემი – საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს.

დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად დამქირავებელმა, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 20 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს განცხადებას. განცხადება ივსება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დამქირავებლის გვერდიდან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცემა პირველი იანვრიდან, თვეში 200 ლარი, ექვსი თვის განმავლობაში. კომპენსაციის მიღება შეუწყდება იმ პირს, რომელსაც 2021 წლის მარტის ან შემდეგ თვეებში დაუფიქსირდება 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა. კომპენსაციის მიმღებ პირებს კუთვნილ 200 ლარი განცხადებაში მითითებული ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ.

განცხადებაში წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს.

ამასთანავე, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კომპენსაციის მიმღებთა რეესტრის გამოყენებით თავად გადაამოწმონ წარდგენილია თუ არა დამსაქმებლის მიერ დაქირავებით დასაქმებულთა მონაცემები კომპენსაციის გაცემის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამქირავებლებმა განაცხადები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 20 იანვრამდე უნდა ატვირთონ, თვის ბოლოს კი, კომპენსაციების გაცემა დაიწყება.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3035 ლარი გახდა
შემდეგი სტატიარა საგადასახადო შეღავათები დაწესდება ბიზნესისთვის – ფინანსთა მინისტრის განმარტება