“ყველა ორგანიზაციას აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, სადაც შესაძლებელია, უნდა იყოს მაქსიმალურად დისტანციური მუშაობა”

ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები, ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება კერძო, თუ სახელმწიფო ორგანიზაციები, ყველას აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და სადაც შესაძლებელია, უნდა იყოს მაქსიმალურად დისტანციური მუშაობა.

„როდესაც ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზაციებსაც აქვთ თავისი პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგელბობაა მაგალითად ჩვენს ორგანიზაციებში. არ აქვს მნიშვნელობა, კერძო იქნება, თუ სახელმწიფო ორგანიზაციები, უნდა იყოს ელემენტარული თერმოსკრინინგი, გვესმოდეს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დისტანციურად მუშაობა.

იქ, სადაც ჩვენი რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, რა თქმა უნდა, მაშინვე უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში. უფრო მეტიც, უნდა მოვუწოდოთ, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში. ეს არის ელემენტარული წესების დაცვა – სამსახურის ადგილზე დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მოქალაქეების მხრიდან მარტივი წესების დაცვაზე, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანაცია, ჰიგიენის წესების დაცვა.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რვა თვე გავიდა, რაც დაიწყო გლობალური ეპიდემია და ვერავინ, ვერც ერთმა უძლიერესმა სისტემურმა სახელმწიფომ თავის მოქალაქეს ვერ შესთავაზა უფრო ეფექტური და ქმედითი წესები ან მკურანლობის უფრო ეფექტური ხერხი, გარდა პირბადის, დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს ბრალდებებს უპასუხისმგებლოს და პოლიტიზებულს უწოდებს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები