“ყველა ცარიელი ბიულეტენი მიდის იმ პოლიტიკური ძალის ყულაბაში, ვის გამოც არჩევნებზე არ მიხვალთ”

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაკურ ბაკურაძემ საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება, მავნე პრაქტიკა, არჩევნების წინ სხვადასხვა ფალსიფიცირებული კვლევებით ამომრჩევლის ზომბირების მცდელობის.

“დღეს გამოცხადდა, რომ მედიასაშუალებების დიდი უმრავლესობა გამოაცხადებს ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, ჩვენ ვიცით, რომ მედიასაშუალებების მეორე ნაწილი მეორე კომპანიის ეგზიტპოლის შედეგებს გამოაცხადებას გეგმავს.

8 ოქტომბერს, უბნების დახურვის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ უკვე კარგად ნაცნობ ფარსს. ვნახავთ მედიასაშუალებების ერთ ნაწილში “ქართული ოცნების” გამარჯვების ზეიმს, ფოიერვერკსა და შამპანურებით წუწაობას, ხოლო მედიასაშუალებების მეორე ნაწილში იგივეს, ოღონდ “ნაციონალური მოძრაობის” შესრულებით.

მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, რომ ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე, აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და არ ენდონ არც ერთ აქამდე ჩატარებულ კვლევას, ვინაიდან ყველა არჩევნების წინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძეს უწერდნენ 1%-ს და მიუხედავად გაყალბებული შედეგებისა, მიიღო 10%. ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნების წინ ჩვენ წერდნენ 1,5%-ს და რეალურად მივიღეთ 10-ჯერ მეტი.

ასევე მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, გაუქმებული ბიულეტენების 70%-პროცენტში სწორედ ნინო ბურჯანაძე და “დემოკრატიული მოძრაობა” ლიდერობდა” , – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

მისი თქმით, “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” კომისიის წევრები, როგორც უბნებზე, ასევე ოლქებში, არიან პროფესიონალები.

პარტიის ყველა წარმომადგენელი არის კარგად ინფორმირებული და ყველას, ვინც წინასწარ ფალსიფიცირებული ეგზიტპოლებით შეეცდება ფლუსტრაციაში ჩააგდოს ადგილებზე მათი წარმომადგენლები, ეს არ გამოუვათ.

“ამომრჩევლის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ყოველი ცარიელი ბიულეტენი მიდის სწორედ იმ პოლიტიკური ძალის ყულაბაში, რომელზე გაბრაზების ან იმედგაცრუების გამო თქვენ ჩაიქნევთ ხელს და არ მიხვალთ არჩევნებზე! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართელოს მოსახლეობას, რომ მაღალი აქტივობა არჩევნებზე არის ერთადერთი წამალი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა ვინც თქვენ გინდათ” , – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ ხელი შეგვიშალონ ჩვენს საქმიანობაში