ხატია წილოსანი: გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების არა ერთი გამოსვლა კავშირში არ იყო საქართველოს მიერ განაცხადის წარდგენასთან

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის შეფასებით, პოლიტიკურ დებატებზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არც ერთი გამოსვლა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას არ უკავშირდებოდა.

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციამ, რომელმაც ჯერ თავად მოითხოვა პოლიტიკური დებატები და შემდეგ ეს ჩათვალა თავხედობად, დარბაზში არ არის და არ აპირებს მოისმინოს მართველი გუნდის მიერ მომზადებული პასუხები. ასევე გულდასაწყვეტია, რომ პრაქტიკულად ვერც ერთი გამოსვა არ იყო კავშირში კონკრეტულად საქართველოს მიერ განაცხადის წარდგენასთან. როდესაც ვემზადებოდი გამოსვლისთვის, ვფიქრობდი რომ იქნებოდა დებატები და საკითხები იქნებოდა დაყენებული თუ როგორ უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ უფრო მჭიდროდ, უფრო სწრაფი ტემპით და რას გავაკეთებთ, რომ ამაში ვიყოთ ერთიანები. რამდენჯერმე გაიჟღერა კითხვამ – თქვენთვის რა არის ევროპა? და გეტყვით თუ რა არის ჩვენთვის ევროპა – ჩვენთვის ევროპა არის, რომ პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც თქვენ მონებს უწოდებთ, არ უხდით მადლობას, არ აფასებთ მათ შრომას იმისთვის, რაც მათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გააკეთეს. რათა უმოკლეს დროში, 2012 წლის ბოლოდან მოახერხეს მოლაპარაკება დასრულებულიყო ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. მოახერხეს ის, რომ ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით აიღო და როდესაც საუბარია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის განუყრელი ნაწილი ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიყავს. როდესაც ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ისინი თანაბარი უფლებებით, თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი ცივილიზებულ დასავლურ სამყაროსთან ერთად სავაჭრო ურთიერთობებში, ჰქონდეთ კონკურენციის თანაბარი პირობები, ხელმისაწვდომობა ჰქონდეს განათლებაზე და ჰქონდეთ აღიარებული სტანდარტები.

მართლა გულწრფელად გული მწყდება, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ვერ ვისმენ ვერც ერთ მიღწევაზე საუბარს და მათ მიმართ მადლობელი ვარ მხოლოდ ერთი რამით, როცა საზოგადოებას კარგად ანახებენ, რომ მათი გამოსვლები არ ემსახურება ძირითად შემთხვევაში საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ის, რომ დღეს ჩვენ არ ვდგავართ ერთიანად, არ ვსაუბრობთ რას მივაღწიეთ და თუ რა არის ერთად გასაკეთებელი. ძალიან ძნელია იმის მოსმენა, რომ ვისაუბროთ პროგრესის არ ქონაზე, როდესაც არც ერთ საკანონმდებლო აქტზე, რომელიც ამ დარბაზშია ინიცირებული, არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერა არ არის. მხოლოდ დღეს იყო უპრეცენდენტო მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთიანად მიიღო გადაწყვეტილება და ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობების საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში. მე ვისურვებდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას.

როდესაც ისმის კითხვა – თუ სად არიან ჩვენი ევროპელი კოლეგები? ისინი არიან იქ, როდესაც 2012 წლიდან დღემდე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებისთვის და საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, მხოლოდ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულების 187 მლნ. ევროს მობილიზება მოხდა, რათა ამ დარგში რეფორმების მხარდაჭერა მომხდარიყო. ჩვენი მეგობრები და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები არიან იქ, რომ ყველა საკითხი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება, ერთობლივად იყოს მხარდაჭერილი და საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს პარტნიორებთან ერთად ჩართოს ჩვენი ქვეყანა იმ ცივილიზებურ ფერხულში, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვჭირდება“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ საკითხის გადაწყვეტას ევროპული საბჭოს მომავალი სხდომისთვის შეძლებს
შემდეგი სტატიაშვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტერორისტებს არ ეხმარება