კანდელაკი – „ქართული ოცნება“ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს იმას ათქმევინებს, „რისი თქმაც თავად ერიდება“

პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები ასე ბოგინობენ საქართველოში, „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ალტ-ინფოს“ მიერ „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნებას.

გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნება“ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს იმას ათქმევინებს, „რისი თქმაც თავად ერიდება“.

„ალტ-ინფო“, რუსეთის ფედერაციასთან ანუ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფება და ამავე დროს „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა. 5 ივლისს ისინი პრემიერ-მინისტრის მოწოდების საფუძველზე მოქმედებდნენ. პრემიერ-მინისტრმა მათ დაუსჯელობის გარანტია მისცა და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ გამოაცხადა გამარჯვება.

კარგად გვახსოვს, 2008 წელს მოწოდება ალექსანდრე დუგინის, რომელიც არის სიმბოლო და იდეოლოგი რუსეთის ფედერაციის ამ აგრესიული საგარეო პოლიტიკური დოქტრინისა და საქართველოს დანაწევრებისა – „ტანკები თბილისისკენ“. ასე რომ, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები ასე ბოგინობენ საქართველოში, „ქართული ოცნებაა“, რადგან სწორედ მათი გაგრძელებაა, მათი პოლიტიკის ნაწილია ეს ყველაფერი. არა მხოლოდ ათქმევინებენ ხოლმე მათ, რისი პირდაპირ თქმაც თავად, შეიძლება, ერიდებათ ხოლმე, არამედ საქმესაც აკეთებინებენ. მაგალითად, აცემინებენ 53 ჟურნალისტს და ერთი მათგანი, ლექსო ლაშქარავა ამ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა კიდეც.

ამ ძალადობის შემდეგაც არავინ დასჯილა და 5 ივლისის ორგანიზატორებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბრალი წარდგენილი, მათ შორის არიან ამ ვითომ პარტიის ლიდერებიც. სწორედ ეს ფაქტი არის ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი „ქართული ოცნების“ თანამონაწილეობისა ამ დანაშაულში. ასე რომ, ყოველი დღე, ყოველი თვე და ყოველი წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისა, ნიშნავს რუსეთის გავლენის გარანტირებულ ზრდას, რასაც ჩვენი საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს. ეს გავლენის ზრდა ბევრ რამეში გამოიხატება, „ალტ-ინფო“ ერთ-ერთი გამოხატულებაა, ბევრი სხვა გამოხატულებაცაა, იგივე, მაგალითად, სტალინის ძეგლის დადგმა და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

წინა სტატიაში25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება
შემდეგი სტატიაბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს