გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი მოსაზრება, თუნდაც აქციებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიან ფორმატში, კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გულანთებული ახალგაზრდები არავინ უნდა გამოიყენოს.
„ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში, „ქართული ოცნება“ და ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც ჩვენ აქციაზე რაღაც შეიარაღებული მივსულიყავით, შლემებით, სათვალეებით, არ გვქონდა ეს განზრახვა, რომ ძალადობრივად გვემოქმედა. შესაბამისად, ეს გაფრთხილებებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენარჩუნებული იქნას სიმშვიდე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გულანთებული ახალგაზრდები, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება, არ იქნან გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებების საკეთილდღეოდ. მერე როგორც ხდება ხოლმე, ამ ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას, თვითონ გაიპარებიან სახლში, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა კალაძემ.