ირმა ინაშვილი: „ბურჯანაძის რეიტინგი ნოლია!“

„ბურჯანაძეს პარტია რეალურად დაეშალა. ის აღარ არსებობს პოლიტიკურ ველზე. თავად მისი, როგორც პოლიტიკოსის, პერსონალური რეიტინგიც ნულის ფარგლებშია. ამიტომ ცდილობს ჩვენი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ოპონირებას,“ – ასე ეხმაურება „პატრიორტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „პატრიოტები“ თითქოს „ოცნებას“ გაურიგდნენ.


„ქალბატონ ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მას აღარ აქვს პოტენციალი ქმედითად, რეალურად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, ამიტომ ტელეეთერებიდან “იბრძვის” და ვიმეორებ: ებრძვის არა “ქართულ ოცნებას” , არამედ გვებრძვის ჩვენ, რაც პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ ესმის: ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან, როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში. ისიც მესმის, რომ ამ სამწუხარო რეალობასთან შეგუება მისთვის რთულია, მაგრამ პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს. საგარეჯოს არჩევნებზე საუბარს ნინო ბურჯანაძეს არ ვურჩევ, რადგან იმ გაყალბებულ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის წევრები საარჩევნო კომისიაში ისევ და ისევ მე მებძოდნენ და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად თამარ ხიდაშელს უჭერდნენ მხარს. გაყალბების დამადასტურებელ არც ერთ ოქმს ბურჯანაძის პარტიამ ხელი არ მოაწერა. ეს ერთი. მეორე- მოშიმშილეებზე საუბრით და მათი კრიტიკით ნინო ბურჯანაძე პოზიტივს ვერ დააგროვებს. მობრძანდეს მოშიმშილეებთან და გაეცნოს მათი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას და ბოდიში მოიხადოს ჯერ 2015 წლის ნოემბრის მოშიმშილეების შეურაცხყოფისთვის და ახლა უკვე პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეების წინაშე. მისი ყველა წინადადება იმდენად სამარცხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ქალბატონი ბურჯანაძის მაგალითზე სახეზეა არა მარტო პოლიტიკური დისკვალიფიკაცია, არამედ კომპეტენციის დონის ვარდნაც. როგორც უინტერესოა უკვე ჩემთვის ძმები ბერძენიშვილების აზრების ანალიზი, ასევე, არ ვთვლი საჭიროდ სხვა კომენტარის გაკეთებას ბურჯანაძის დღევანდელ და მომავალ ინტერვიუებზე,“ – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქში“ და ნინო ბურჯანაძის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ჩაბარდა სამართალდამცავებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ესპანეთის ერთიანობის მომხრეა