ირაკლი კობახიძე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერს ფადლი ზონს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ინდონეზიის მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა შესთავაზა. ინდონეზიის მხარე ირაკლი კობახიძის შეთავაზებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრობის ჯგუფების ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, აბრეშუმის გზისა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეები ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 1 აპრილს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ალექსანდრე ჯეჯელავა ვერ ხედავს
შემდეგი სტატია„ცენტრ პოინტის“ საქმე – ადვოკატები განჩინების ჩაბარებას ელოდებიან