ირაკლი კობახიძე – ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფორმებს და მეთოდებს მე ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ იმას, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს არის – ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ მიზანს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

რაც შეეხება [პარტიების] ყიდვას, გარწმუნებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პარტიების უმრავლესობას, რომელთანაც დღეს აქვს მოლაპარაკება, ვერ იყიდის“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს
შემდეგი სტატია„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ მომავალი პედაგოგებისთვის სტიპენდიები დააწესა