ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის სამართლიანი და თანასწორი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა

„ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თუმცა ამას წინ უსწრებდა, დაახლოებით, ერთწლიანი სამუშაო პროცესი. შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი. პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით ამ ცვლილებებზე, რის შემდეგაც შედგა საპარლამენტო განხილვა“, – განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო განხილვებზე ჩანდა, რომ არცერთი არსებითი და პრინციპული საკითხი არ დარჩენილა ღიად, რომ არ ასახულიყო ამ პაკეტში.

„იყო დამატებითი მოსაზრებები, მაგალითად, რადიუსთან დაკავშირებით. ჩვენ დავადგინეთ რადიუსის წესი, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნების გარშემო 25-მეტრიანი რადიუსის ფარგლებში არ შეიძლება ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება ან სააგიტაციო მასალის განთავსება. ამის მიღმა იყო მოთხოვნა , რომ აკრძალულიყო ნებისმიერი ადამიანის დგომა ამ 25-მეტრიან რადიუსში, რაზეც გვქონდა ჩვენი არგუმენტები. აქ იყო პრაქტიკული პრობლემები აღსრულების ნაწილში. თუ რომელიმე კონკრეტული მოსაზრება არ გავიზიარეთ, თითოეულზე გვქონდა მყარი არგუმენტები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, ეუთო/ოდირისგან სულ 27 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული განიხილეს, თითეულზე იმსჯელეს და ყველა პრინციპული რეკომენდაცია გაიზიარეს.

„შესაბამისად, გვაქვს თვისებრივად დახვეწილი საარჩევნო კოდექსი, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეს ქმნის საუკეთესო გარემოს, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება და მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ სამართლიანი და თანასწორი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 27 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია. მისივე ინფორმაციით, იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის წინააღმდეგაც წავიდნენ თვითონ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„იყო ასეთი რეკომენდაცია – სიძულვილის ენის თაობაზე და ჩვენ შესაბამისი რეგულაცია მოვამზადეთ. ჩვენ მზად ვიყავით, აგვესახა ეს რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში, მაგრამ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები წავიდნენ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგ. ჩვენ გავითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში, არა ეუთო/ოდირის, არამედ ამ სუბიექტების პოზიცია და ეს რეკომენდაცია არ აისახა კოდექსში. იყო ისეთი რეკომენდაციაც, რომელიც უკვე გახლდათ ასახული პაკეტში, მაგალითად, ორმაგი მოქალაქეებისთვის არ აგვეკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. არცერთ ორმაგ მოქალაქეს არ ეკრძალება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. მსგავსი ხარვეზები იპარება ასეთი რანგის დოკუმენტებშიც კი, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგჯერ არაკომპეტენტური წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საერთოდ არ იყო რეკომენდაციებში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი. „ამ ნაწილში ჩვენი ინიციატივით ავსახეთ ცვლილება ორგანულ კანონში და დღეს არის წარმოდგენილი აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა პარტიების დაფინანსებისთვის. დღემდე რაც მოქმედებს, მას ყველა აკრიტიკებდა, რასაც ჰქონდა ობიექტური საფუძველი. ჩვენ შევიმუშავეთ სამართლიანი ფორმულა, რომელიც არის მარტივი თავისი შინაარსით და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, არის უამრავი ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკური სისტემის უკეთ და სამართლიანი წესებით განვითარებას.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა ტოივო კლაართან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები განიხილა
შემდეგი სტატიარაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი