ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას

საერთაშორისო წვრთნების – „მტკიცე სულის“ თუ „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას, -​ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ კარდენს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის. ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას გიხდით სწავლებაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენი მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო, როგორც აშშ-ს და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, მომავალშიც ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ – ნატო-ში ინტეგრაციისკენ