იგეგმებოდა სავარაუდოდ, უმძიმესი დანაშაულის ჩადენა და ჩვენმა სახელმწიფომ მოახდინა პრევენცია – ოხანაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე

მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სუს-ში დაწყებულ გამოძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პოზიტიურად აფასებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საგამოძიებო სამუშაოებით კმაყოფილია.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობაზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

„იგეგმებოდა, სავარაუდოდ, უმძიმესი დანაშაულის ჩადენა და ჩვენმა სახელმწიფომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა აღნიშნულის პრევენცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება, კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არის კონკრეტული უწყების პრეროგატივა, დაველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს. ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და ეს უკვე კონკრეტული უწყების პრეროგატივაა,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშიEBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიაბესელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაუქმებას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს