იანოშ ჰერმანი : შემაშფოთებელია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ არ გადასცემია, ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ

შემაშფოთებელია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ არ გადასცემია და ჩვენ ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რაც ხდება და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ კიდევ არ გადასცემია. ეს ძალიან შემაშფოთებელია და ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, ზუსტი თარიღი უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დღეს საბოლოო დასკვნას წარადგენს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა