ია მეტრეველი – ყველას მინდა ვუსურვო, რომ არასდროს ჰქონოდეთ ისეთი გიორგობა, როგორიც მე მქონდა 2004 წელს

სრულიად საქართველოს მინდა დღევანდელი დღე მივულოცო, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ყველას ვუსურვო, რომ არასდროს, არავის ჰქონოდეს ისეთი გიორგობა, როგორიც მე მქონდა 2004 წელს, – ამის შესახებ დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, 14 წლის წინ, ზუსტად გიორგობის დღეს, ზუსტად ეკლესიის წინ მოკლეს მისი შვილი.

„ამ დღეს ცოტა სიხარულიც ერთვის, იმიტომ რომ, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება, სურვილია, რომ ამ ბიჭების სახელზე და არამხოლოდ ბუტასი, სამწუხაროდ, ბუტას შემდეგ 162 ბიჭი იქნა ქუჩაში დახვრეტილი, ყოფილიყო მარადიული ხსოვნა და ყოფილიყო მემორიალი. სწორედ ამიტომ, დღეისთვის გადავწყვიტეთ, რომ ეს მემორიალი ყოფილიყო. ეს იყო საზოგადოების თხოვნაც და ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ბიჭების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი იმ ადგილას, სადაც ბუტა იქნა დახვრეტილი.

ვლადიმერ სტურუა არის მხატვარი, რომელმაც გააკეთა ეს მემორიალი. ამ ადამიანმა ეს მემორიალი თავისი კეთილი ნებით, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე საჩუქრად გაუკეთა დახვრეტილ ბიჭებს“, – განაცხადა მეტრეველმა.

„აქ დახვრიტეს ბუტა! მემორიალი ეძღვნება სააკაშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილ ახალგაზრდობის ხსოვნას”, – ამ წარწერით დიდუბის ეკლესიასთან მემორიალური დაფა დღეს გაიხსნა.

იყო თუ არა, აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნის ნებართვა თბილისის მერიის მიერ გაცემული და რამდენად მიზანშეწონილი იყო, მისი ეკლესიის ტერიტორიაზე გახსნა.-აღნიშნულ კითხვაზე მერიაში პასუხობენ, რომ ტერიტორია, სადაც მემორიალია განთავსებული, საპატრიარქოს ეკუთვნის და ოჯახს მერიისთვის არ მიუმართავს.

„აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის საპატრიარქოს და ძეგლის განთავსების თაობაზე საპატრიარქოსა და ოჯახს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება. მერიისთვის ოჯახს არ მოუმართავს“, – განმარტავენ თბილისის მერიაში.

banner
წინა სტატიაში„თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები-ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სიმძიმე
შემდეგი სტატიალავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე