გუგუტიანთკარში არის კვლავ 2008 წელი, ომი გასროლის გარეშე,მაგრამ ხელისუფლებას სურს თვალი დავხუჭოთ – უჩა ნანუაშვილი

ხელისუფლებას სურს, რომ თვალი დავხუჭოთ ამ მცოცავ ოკუპაციაზე, მე ვფიქრობ ეს არის სერიოზული ტრაგედია ქართული საზოგადოებისთვის – ეს განცხადება, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.

ნანუაშვილი დღეს გუგუტიანთკარში ჩავიდა, ადგილობრივებს შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ყოფილი ომბუდსმენი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს იმდენად არ აწუხებს მცოცავი ოკუპაცია და რუსი ჯარისკაცების მიერ დაზარალებული საკუთარი ხალხი, რომ არ უღირს დაპირისპირებაში შევიდეს ოკუპანტ ქვეყანასთან.

„გუგუტიანთკარში არის კვლავ 2008 წელი. გასროლის გარეშე ოკუპაცია გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს დაიცვას საკუთარი საკუთრება, თითოეული გოჯი მიწა, თითოეული სახლი, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ინერტულია. ხელისუფლებას სურს, რომ თვალი დავხუჭოთ ამ მცოცავ ოკუპაციაზე, მე ვფიქრობ ეს არის სერიოზული ტრაგედია ქართული საზოგადოებისთვის.

ხელისუფლებას სურს, რომ არ დავინახოთ, არ შევნიშნოთ ის ოკუპაცია, რომელიც აქ გრძელდება და ის ომი, რომელიც აქ გრძელდება. მართალია არ ხდება გასროლა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ომი, თითოეული ამ ადამიანის ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა თითოეულ იმ დაკარგულ გოჯ მიწაზე, სახლზე, რომელზეც ჩვენ ვკარგავთ. მათთვის უმნიშვნელოა რამდენიმე სოფელი, რამდენიმე სახლი. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ეს არ არის პრობლემა იმდენად სერიოზული, რომ ამის გამო გააღიზიანოს ოკუპანტი. მათთვის ამ ადამიანების ცხოვრება, ამ ადამიანების გასაჭირი არ არის ეტყობა იმდენად მძიმე, რომ ამისთვის შევიდეს დაპირისპირებაში ოკუპანტთან,“-ამბობს უჩა ნანუაშვილი.

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება. ჯერ უცნობია აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ
შემდეგი სტატიაქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან ერთ ლარად შეიძენენ