გოჩა მირცხულავა: “წითელი ინტელიგენცია ემზადება, რომ ხელისუფლება მესამედ დაამხოს”

რისთვის ემზადება წითელი ინტელიგენცია, აქვს თუ არა კავშირი ივანიშვილთან “დაიცავი საქართველოს”, ვინ შეიძლება ვიხილოთ ამ გაერთიანების უკან? – ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა “ახალ თაობას” ესაუბრება.

_ თქვენმა სლოგანმა, რომ საქართველო “დაიცავი საქართველოსგან” არის დასაცავი, დიდი რეზონანსი გამოიწვია. რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მათგან უნდა დავიცვათ?
_ კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველო “დაიცავი საქართველოსგან” უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გაკვეთილი უკვე გავიარეთ. ამ მოძრაობის იდეოლოგებს ავიწყდებათ, რომ ჭაბუა ამირეჯიბის კონტექსტი _ დაიცავი საქართველო _ იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების თანადროული იყო, რა ვითარებაც წლების წინ გვქონდა.
13 აპრილს გამართული “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე მყოფი ადამიანების დიდმა ნაწილმა “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, ანუ 7 წლის განმავლობაში უამრავი სიკეთე მიიღო. ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ ამ პარტიის მიმართ.
მოძრაობის წევრების ემოციური აღტყინებები იმდენად ყალბია, რომ მათი შინაარსობრივი განვრცობაც კი არ მინდა. ძმები გაჩეჩილაძეები მხოლოდ მას შემდეგ აღშფოთდნენ, რაც ვიღაც მათ ბიზნესს შეეხო და ხელისუფლებასთან ვერ დალაგდნენ.
ან იქნებ მას შემდეგ აღშფოთდნენ, რაც ბატონი ლევანი ნავთობის კორპორაციასა და რკინიგზაში ვერ დალაგდა და ბატონმა გიამ ვერ მიიღო რაღაც სიკეთეები.
იგივე ითქმის “დაიცავი საქართველოს”  სხვა წევრებზეც. ისინი მხოლოდ მას შემდეგ აღშფოთდნენ, რაც ივანიშვილისგან ვეღარ მიიღეს სიკეთეები.
ნურც ნაციონალურ მოძრაობას და ნურც სხვა ოპოზიციურ პარტიებს ნუ დაავიწყდებათ, რომ ადამიანები, რომლებიც 13 აპრილს ფილარმონიაში შეიკრიბნენ, მათაც მტრობდნენ.
ეს ოდიოზური ფიგურები იყვნენ ზვიად გამსახურდიას მტრებიც. ისინი ქართული სახელმწიფოს განვითარების წინააღმდეგი არიან, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით, როდის რა მხარეს აღმოჩნდებიან.
მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკის ადამიანები ისხდნენ ფილარმონიაში, ეს არის საბჭოთა ინტელიგენციის და ნომენკლატურის მორიგი რევანშის მცდელობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვებს გამოვიყენებ – არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია.
ასაკობრივი გრადაციის მიუხედავად, ჩვენ ფილარმონიის დარბაზში ვნახეთ კოლონიზატორის აღზრდილი ინტელიგენცია, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს არაერთხელ უმუხთლა და ესროლა იარაღი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც წლების წინ სამოქალაქო ომის ქაოსში ჩაძირეს საქართველო.
ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ხალხი ხელისუფლებას, ძალაუფლებას და გავლენებს არ გააკაროს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ძალები ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში.
_ თქვენი აზრით, “დაიცავი საქართველოსთან” არავინ უნდა ითანამშრომლოს?
_ ამათთან არც ერთმა ჯანსაღად მოაზროვნე ძალამ არ უნდა ითანამშრომლოს. კიდევ გავიმეორებ, რომ ჭაბუა ამირეჯიბის სლოგანი _ დაიცავი საქართველო -წლების წინ სულ სხვა მოცემულობაში იყო ნათქვამი და ის საკმაოდ ეკლექტურ ჯგუფს აერთიანებდა. მათი იდეა იყო საქართველოს დაცვა.
ახლა მივიღეთ ერთსახოვანი ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთთან მენტალური ბმა აკავშირებთ. მათთვის მთავარია, იცხოვრონ საკუთარი კომფორტისთვის, საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენების გასაძლიერებლად.
ახლა ქართველ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად წამოეგება მათ ყალბ პათეტიკასა და ემოციას, რომ საქართველო დასაცავია. საზოგადოება ამაზე თუ წამოეგო, ეს მხოლოდ მისი შეცდომა არ იქნება.
_ ვისი შეცდომა იქნება კიდევ?
_ ეს ყველა იმ საღად მოაზროვნე ადამიანის შეცდომა იქნება, ვინც ქართველ საზოგადოებას ნათლად არ დაანახებს ამათ ნამდვილ სახეს.
მოდით, ახლა იმაზეც ვისაუბროთ, თუ რა გახდა ამ ჯგუფის აღტყინებისა და მდგომარეობიდან გამოსვლის მიზეზი. გვეუბნებიან, რომ ამის მიზეზი სასამართლოში მიმდინარე პროცესებია.
მას შემდეგ, რაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ამ ადამიანებს კრინტიც კი არ დაუძრავთ იმაზე, რომ სასამართლოს პრობლემები აქვს. ამ წლების განმავლობაში ამ ხალხისგან არ მომისმენია, რომ ქართულ მართლმსაჯულებას უჭირს. ამ წლების განმავლობაში მათგან მხოლოდ ის მესმოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბოროტება.
სამაგიეროდ, მათ არსად და არასდროს უთქვამთ, რომ ქართული სახელმწიფო დგას კატასტროფის წინაშე. გვეუბნებოდნენ, აგერ არის ბატონი ბიძინა, ყველაფერი კარგად მიდის და ოცნებებიც ახდებაო. მას შემდეგ, რაც პირადი ოცნებები ვერ აისრულეს, კიდევ ერთი გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტეს.
მესამე ძალის შექმნაზე რომ აქვთ პრეტენზია, რისი მესამე ძალა არიან? ესენი არ იყვნენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გოგა ხაინდრავასთან ერთად რომ მოგვიწოდებდნენ “ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერისკენ? ეს რამდენიმე თვის წინ ხდებოდა. მაშინ ამ საზოგადოებამ არ იცოდა, “ქართული ოცნება” ასეთი დამანგრეველი რომ იყო?
თუ თავის დროზე, როგორც სააკაშვილის მიერ გაცემული ბონუსები ვერ იკმარეს, ახლა ივანიშვილის გაცემული ყოველთვიური დახმარებები აღარ ჰყოფნით. იქნებ ამიტომ აღარ უნდათ “ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა.
იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ქართველ ხალხს წითელი ინტელიგენცია ყელში ამოუვიდა? ერთი რომელი მათგანი მეტყვის, რომ თავისი მენტალობით წითელი არ არის. ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე არც ერთი მათგანი არ მდგარა.
ბატონი ფოფხაძე და ქალბატონი ბესელია ნუ დაგვამადლიან იმას, რომ ათი წელია, ქართული მართლმსაჯულების სადარაჯოზე დგანან. რაღაც არ მახსოვს, რომ მათ აქამდე რამე გაეპროტესტებინათ, აფგან მუხთარლის თემა მურუსიძის თემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ბესელიასა და არც ფოფხაძეს ამის გამო “ოცნება” არ გაუკრიტიკებიათ.
რა აწუხებს ბატონ კვაჭანტირაძეს? თურქეთში კონსული რომ იყო და გამოაბუნძულეს? ამის მერე შეწუხდა უსამართლობით? თუ მანამდეც წუხდა? რაღაც ღირებულებების აღრევასთან გვაქვს საქმე.
ფილარმონიაში გამართულ შეკრებას კრიმინალები და წარსულში მრავალგზის ნასამართლევი ადამიანებიც ესწრებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, აღარ რცხვენიათ? არ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იცხოვრონ?
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატობას არ ვაპირებ, მას, სხვა მმართველების მსგავსად, არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული. ეს შეცდომები უკავშირდება იმას, რომ ყველა მმართველი სხვადასხვა ეტაპზე ცდილობდა, ყოფილიყო მაამებელი ამ კასტის მიმართ.
ეს არის კასტა, რომელიც ყველა ეტაპზე “მოღვაწეობდა” იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება კარგად მოეწყო. ქართული სახელმწიფოსთვის მათ არაფერი გაუკეთებიათ.
დავით მაღრაძე ის დავით მაღრაძე არ არის, რომლის დაწერილ ტექსტზეც ჰიმნს ვმღერით?
_ ამ ტექსტს მაღრაძის ჰქვია, თორემ მისი დაწერილი სულაც არ არის.
_ ჰიმნის ავტორად წერია დავით მაღრაძე და ამის გამო შუბლზე ძარღვიც კი არ უტოკავს. ბატონი მაღრაძე აქამდე კარგად ახერხებდა ხალხის აგდებას. ეს აგდებული ხალხი ძალიან კარგად გამოიყენეს 2012 წელს. სამაგიეროდ, მას და მისნაირებს არასდროს უთქვამთ, შეცდომები გვაქვს დაშვებულიო.
მათ არასდროს უთქვამთ, გამსახურდია ცუდ პრეზიდენტად მიგვაჩნდა, მაგრამ ის იარაღით არ უნდა დაგვემხოო. ამას არც არასდროს იტყვიან.
_ რატომ არ იტყვიან?
_ ისინი დღემდე თვლიან, რომ საქართველოს განვითარება მათი მონაწილეობის გარეშე არ შეიძლებოდა. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ზევით და ჰქონოდათ მუდმივი პრივილეგიები.
ახლაც ასეა და ასე იყო სააკაშვილის დროსაც. მოდით, გავიხსენოთ, რის შემდეგ დაიწყეს სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლები. მათ ინსტრუმენტად გამოიყენეს ქართველი ხალხის გაჭირვება, ააგდეს ისინი და მათი დახმარებით შეცვალეს ხელისუფლება, შემდეგ თავად მოვიდნენ სათავეში.
ისინი ყველაზე კომფორტულად თავს შევარდნაძის დროს გრძნობდნენ. მაშინ წითელი ინტელიგენცია თავისი რანგით ე.წ. კანონიერ ქურდებზე მაღლა იდგა – ჩადენილი დანაშაულების გამო მათ ციხეში ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ, მიაჩნდათ, რომ თავიანთი ლექსებისთვის, სიმღერებისთვის, განცხადებებისთვის ქართველი ხალხი მათ ფეხებთან უნდა ყოფილიყო. მუდმივად უნდა ვემსახუროთ ამათ იმის გამო, რომ კარგ ლექსებს წერენ.
_ ეგეც საკითხავია, წერენ თუ არა კარგ ლექსებს.
_ ამის საუკეთესო განმსაზღვრელი არის გაყიდული წიგნები, იქიდან მიღებული ჰონორარი და ავტორიტეტი. ლექსების გამო ხელისუფლება არავის უნდა აძლევდეს პრივილეგიებს, ჩუქნიდეს აგარაკებს და ა.შ. იკმარონ, რაც მათ ქართველმა ხალხმა გაუკეთა.
_ თქვენ “დაიცავი საქართველოს” შექმნას ამ ადამიანების დაუკმაყოფილებელ ამბიციებს უკავშირებთ. ბევრი მიიჩნევს, რომ ამის უკან ივანიშვილი დგას და ეს მოძრაობა რეალურად “ქართული ოცნება 2”-ია.
_ ბიძინა ივანიშვილი არ დგას “დაიცავი საქართველოს” უკან. ამ ხალხს საკუთარი დღის წესრიგი აქვს. ეს მოძრაობა იმიტომაც განახლდა, რომ ივანიშვილმა მათ რაღაცები არ გაატანინა. ახლა ააგდეს ხალხი, გაიძახიან, არც ნაცი გვინდა, არც ქოცი და მესამე ძალა ვართო.
მესამე ძალა არა, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ძალას, რომელიც ცდილობს, საქართველოში მესამედ დაამხოს ხელისუფლება. გამსახურდია ტყვიით დაამხეს, სააკაშვილი -ტყუილებით.
იმას არ ვამბობ, რომ სააკაშვილს არჩევნები არ უნდა წაეგო. უბრალოდ, ამათ იმდენი ტყუილი შემოიტანეს პოლიტიკაში, იმდენი ზიზღი დათესეს, ისე დააპირისპირეს ხალხი ერთმანეთთან, რომ ეს ჯგუფები მზად არიან, ერთმანეთს იარაღიც კი ესროლონ. ეს მათ ინტერესებში შედის, იმიტომ, რომ ამით ისარგებლებენ.
ვიმეორებ, ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოში მესამედ დაამხოს ხელისუფლება.
_ დიდი გამოცდილება კი აქვთ, მაგრამ მესამე ცდა არ გამოუვათ. საზოგადოება მათ გააქტიურებას უარყოფითად შეხვდა.
_ ამათ ახლა ხალხი დასცინის, მაგრამ მე სხვა საშიშროებას ვხედავ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას თუ კიდევ შერჩათ გონიერება, ისინი აუცილებლად უნდა ხედავდნენ საშიშროებას.
ნაციონალებმა დაანებონ თავი იმაზე საუბარს, რომ ეს არის ივანიშვილის პროექტი. ბიძინას მხარემ შეწყვიტოს იმის მტკიცება, რომ ამით ნაციონალები ისარგებლებენ. ორივე მათგანმა უნდა გაიაზროს, რომ `დაიცავი საქართველოს~ შეიძლება უკან დაუდგნენ მკვეთრად პრორუსული ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, სახელმწიფო დააზიანონ.

შორენა  მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშირეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი – ვოლსკი მოსამართლეების შესახებ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნაზე
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს