გიორგი მარგველაშვილი: ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

“ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ალიანსის მისიებში მონაწილეობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოგვეცა შესაძლებლობა ჩავატაროთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთობლივი წვრთნა. ასევე მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავზე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იდგნენ ქართველი ჯარისკაცების გვერდით ისევე, როგოც ჩვენი სამხედროები დგანან მათ გვერდით ბრძოლის ველზე და შეაქვთ წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეხვედრისას იენს სტოლტენებრგთან ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვიტარება განიხილა

“ჩვენ განვიხლეთ მოახლოებული ვარშავის სამიტი და სამიტის შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი. განვიხილეთ ულსის სამიტის შედეგად მიღებული ყოვლისმომცველი პაკეტის წარმატებული განხორციელება და ვისაუბრეთ ამ პროცესის გაგრძელებაზე. მე ვაცნობე გენერალურ მდივანს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. შევატყობინე მას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის, ასევე დღეს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერების აღმართვის ფაქტი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მხარადაჭერა ევროალტანტიკური ინტეგრაციისადმი გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გზით, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწობილი, რომ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება იქნება მალე