გიგა ბოკერია: ან პარლამენტმა გადააყენოს პრემიერი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი

“ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ბნელეთის მოციქულები და ამ რეჟიმის პოლიტიკურად ყველაზე ნაძირლური ფრთა და წარმომადგენელი, ღარიბაშვილი, ომის მდგომარეობაშია არამხოლოდ თავისუფალ მედიასთან, რაც ცალკე აღებულიც კი კატასტროფაა ქვეყნისთის, არამხოლოდ საზოგადოების აქტიურ ნაწილთან პოლიტიკურად ან ოპოზიციასთან, მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ეს არის ბრძოლა ფასეულობებისთვის, ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისთვის.

ამ ვითარებაში თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია ამ პარლამენტთან დაკავშირებით იყო მკაფიო, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს ლეგიტიმურად ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნებას, მაგრამ მინდა, დავივიწყოთ ახლა ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მომხდარიყო ამ კრიზისის განმუხტვა. ეს გადავდოთ გვერდზე. ახლა ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა და მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა და პროპუტინურმა ძალებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა – ჟურნალისტის გარდაცვალება, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც მოაწყვეს ამის შემდეგ, რაც მოაწყვეს ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის კუთხით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტმა შეიძლება, შეასრულოს არის ღარიბაშვილის გადაყენება.

თუ ეს არ ხდება და თუ ამის წინაპირობა არ ხდება და ჯერჯერობით ვერანაირ პირობას ვერ ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი. მინდა, მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, რომლებთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება, მაგრამ მინდა, რომ ეს დავივიწყოთ. ახლა ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება, მოხდეს არის ღარიბაშვილის გადაყენება. და თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის გზაა, რომ არცერთმა ძალამ არ მიიღოს იმ პროცესში მონაწილეობა, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად.

ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი და ვითარება უნდა იყოს მკაფიო, ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველა პარტნიორისთვის.”- ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიწითლაძე: ჯერჯერობით ვერ ბედავენ ჩვენს გათრევას
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი