გია ხარჩილავა: ადამიანები რატომ ერთიანდებიან დღეს რუსთაველზე – ეს არის უკვე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 200 წლოვანი ბრძოლის ლოგიკური გზა და ლოგიკური გაგრძელება

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპისკენ გაწვდენილი ჩვენი ხელი ზურგს უკან ამოეგრიხა, მისი ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა იმას, რომ რუსეთის შეკვეთის შესაბამისად ჩაეხერგა გზა საქართველოსთვის, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ განაცხადა რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

წალენჯიხის მერმა განმარტა, რა მიზნით იკრიბებიან დღეს მოქალაქეები რუსთაველზე.

„ადამიანები რატომ ერთიანდებიან დღეს რუსთაველზე – ეს არის უკვე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 200 წლოვანი ბრძოლის ლოგიკური გზა და ლოგიკური გაგრძელება. ეს გახლავთ რუსეთის ბატონობიდან გამოღწევა და თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ქცევა, ანუ ევროკავშირისკენ ლტოლვა, რომელსაც ყველა სოციოლოგიური კვლევა ჯიუტად ადასტურებს, მიუხედავად რეპრესიებისა, მოსახლეობის გაღარიბებისა, მიუხედავად იმ აგრესიისა, რასაც ეს ხელისუფლება ამ დღეებში ავლენს და ეს ვლინდება პოლიტიკურ ველზე სხვადასხვა აჟიტირებული ხალხის გამოსვლებით, სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო ჯიუტად მიდის ევროპული ფინალისკენ, კეთილდღეობისა და თავისუფლებისკენ. ამ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი ჰქონდა, მოესმინა ოპოზიციისთვის, ხალხისთვის, კვლევებისთვის მოესმინა და იმ გზით ეარა, სადაც მოწინავე ვიყავით სამეულში. საქართველო იყო მოწინავე და ის გახდა ევროპული სამეულის ნაწილი განსხვავებით, რუსეთის ტროიკისა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ევროპისკენ გაწვდენილი ხელი ზურგს უკან ამოეგრიხა და მისი ყველა ნაბიჯი, ყველა სიტყვა, ყველა საქციელი ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ რუსეთის შეკვეთის შესაბამისად ჩაეხერგა გზა საქართველოსთვის. 12-პუნქტიანი გეგმა, რა არის იქ განუხორციელებელი? ათ წელიწადში რა სასამართლო რეფორმა ვერ ჩატარდებოდა? საარჩევნო რეფორმა ვერ ჩატარდებოდა? გამჭვირვალობა საზოგადოების, მედიაზე ზეწოლაზე, პოლიტპატიმრებზეა საუბარი, დეოლიგარქიზაცია – გაჩნდა ახალი, სწორი ტერმინი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სრულიად ჰქონდა გააზრებული, მაგრამ უკვე დოკუმენტში გაჩნდა. მინდა, გითხრათ, რომ იმ 12 პუნქტიდან წალენჯიხას ორი პუნქტი შესრულებული აქვს. ერთი გახლავთ პლურალისტური გარემო, კოალიციური თემა და მეორე -დეოლიგარქიზაციის დასაწყისი, ანუ „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია“, – განაცხადა წალენჯიხის მერმა.

წინა სტატიაშიპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მომხრეები მოითხოვენ, აქციის წამყვანმა ხელისუფლებას წაუყენოს მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია 22:00 საათამდე გათავისუფლდნენ