ღარიბაშვილი: ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე

ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, სულ რაღაც სამი საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგოც პრემიერმა აღნიშნა, ეს დღე განსაზღვრავს დედაქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, სულ რაღაც სამი საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე. ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის.

„დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებს და მუნიციპალურ საკრებულოებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს დღე განსაზღვრავს ჩვენი, დედაქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რომ დამშვიდდეს ჩვენი ერი. ეს არის აუცილებელი პურობა ასევე ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიხაზარაძე ჯაფარიძეს: ზურა 7 -ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა