გეგელია – ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი

ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, კარგად ფუნქციონირებადი პარლამენტი, მაგრამ ეს ვერ იქნება სიყალბის ხარჯზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

გეგელიას თქმით, კომპრომისულ სულისკვეთებასთან დაკავშირებით ელჩის გზავნილი „ქართული ოცნების“ მისამართით იყო, რადგან ოპოზიციას ეს სულისკვეთება ნამდვილად აქვს.

„ქალბატონი დეგნანის ეთიკა ჩვენთვის გასაგებია. სრულიად მისაღებია ის მოსაზრება, რომ საქართველოს სჭირდება ფუნქციონირებადი პარლამენტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, კარგად ფუნქციონირებადი პარლამენტი, მაგრამ ეს ვერ იქნება სიყალბის ხარჯზე და ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმზე. რაც შეეხება კომპრომისულ სულისკვეთებას, ჩვენ ეს სულისკვეთება გვაქვს და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი „ქართული ოცნების“ მისამართით, ვისაც იოტის ოდენადაც არ უჩვენებია სწორი სულისკვეთება. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, „ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციულობა, გადმოდგან ნაბიჯი წინ, მოლაპარაკებების სულისკვეთებით და არა უკან. კომპრომისის კულტურა არის დემოკრატიული კულტურის ნაწილი, მასში არაფერი ტრაგიკული არ არის, მთვარია, კომპრომისი იყოს პრინციპული და არ გადაახტეს იმ უმთავრეს პრინციპებს, რაც არის დღეს ჩვენი პოლიტიკური აზრი და პრაქტიკა.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოხდეს პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა და ეს უნდა მოხდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ არიან პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მსხვერპლები, საქართველოში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ.

ქალბატონ დეგნანს ვეთანხმები იმაში, რომ იდეალურ შემთხვევაში ასე უნდა მუშაობდეს გამართული პოლიტიკური სისტემა და ჩვენი მიზანიც არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება დროულად ვიყოთ ქართული ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში, იქ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის პრობლემების გადაჭრაზე. ამ მომენტისათვის ეს შეუძლებელი გახადა „ქართული ოცნების“ დესტრუქციულმა სიჯიუტემ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ ცალკეული პარტიების სასარგებლო გადაწყვეტილებებით ცდილობს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება