განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ბათუმში მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას დაესწრნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა ბათუმში ნორვეგიის მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამწლიანი პარტნიორული პროგრამის ფარგლებში მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ნორვეგიის მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამწლიანი პარტნიორული პროგრამის ფარგლებში, მემორანდუმს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი 2022 წლის სექტემბრისათვის ქედასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ორ სკოლაში ინკლუზიური საგანმანათლებლო რესურსცენტრების (არტ თერაპიის სივრცე) დაარსებას, საპილოტე სკოლებში ინკლუზიური საგანმანათლებლო ცენტრების ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდებაში მასწავლებელთა ქოუჩინგს ითვალისწინებს.

გიორგი ამილახვარის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის რესურსცენტრების მხრიდან არაფორმალური განათლების სერვისების უზრუნველყოფა სასკოლო საათების შემდეგ.

„პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვების აქტიურ ჩართვას განათლების პროცესში და გაუმჯობესებული სასწავლო შედეგების მიღწევას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: „სლოვაკეთის მხრიდან მივიღეთ უპირობო გზავნილი, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”
შემდეგი სტატიასასამსახურო ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია რუსთავი 2-გან კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს