განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, დისტანციური ფორმით განათლება მიღება შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს და აღიარებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

„აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს და არ საჭიროებს პრაქტიკულ ლაბორატორიულ მხარდაჭერას და ითვალისწინებს სტუდენტების მიერ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების არა დისტანციური ფორმით ჩაბარებას“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და ისრაელში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დისტანციური წესით სწავლებასთან დაკავშირებით დაწესდა საგამონაკლისო რეჟიმი. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფოებში სწავლობენ, საზღვრის 75-დღიანი კვეთის აუცილებლობა არ მოეთხოვებათ.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომიტეტი მხარს დაუჭერს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენისთვის მინისტრის გადაწყვეტილება კანონპროექტში იქნება ასახული.

სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება.

ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან – 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. მისივე თქმით, ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად.

„პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებებით დაზუსტდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ატესტატის წარდგენის ვადები. ასევე, ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისთვის შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხრი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხებს.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საკონკურსო კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა
შემდეგი სტატიააიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია