ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას – მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია – კობახიძე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელს ვუწვდით თანამშრომლობაზე ოპოზიციას – ოპოზიციის პასუხზე არ ვიცი, შეიძლება თუ არა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას თანამშრომლობის ხელს უწვდის და ამ დროს ადამიანებს, რომლებიც კამპანიას “შინ ევროპისკენ” აწარმოებენ, მათ ფიზიკურად უსწორდებიან, რამდენად არის ეს „თანამშრომლობის ხელი?“.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ხდებოდა აქამდე ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას. ჩვენი ძალისხმევით გაფორმდა ჯერ 2020 წელს 8 მარტის შეთანხმება, მერე 2021 წელს 19 აპრილის შეთანხმდა. რომ არა ჩვენი ინიციატივები და აქტიური ქმედებები, არც ერთი და არც მეორე შეთანხმება არ გაფორმდებოდა. თუმცა, გახსოვთ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც, როგორი იყო მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, 100 დღის განმავლობაში მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელს ვუწვდით თანამშრომლობაზე ოპოზიციას და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას. რაც შეეხება ამაზე ოპოზიციის პასუხს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი.

ყველაფერი არის ოპოზიციის ხელში. ისინი თუ გადადებენ ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი. მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია და ჩაერთონ იმ ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ, მაგრამ თუ მათ არ სურთ ევროპა, დარჩებიან წალეკვის დღის წესრიგში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია, მე რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, მეც გავიდოდი პარტიიდან – კობახიძე
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა