ექსპერტიზის დასკვნა: ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლი, საიდანაც რამდენიმე დღის წინ 40-მდე ოჯახი გაიყვანეს, დემონტაჟს არ საჭიროებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დანგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსი, საიდანაც რამდენიმე დღის წინ 40-მდე ოჯახი პრევენციის მიზნით გაიყვანეს, დემონტაჟს არ საჭიროებს.

დღეს ცნობილი გახდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წერილობითი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შენობის ერთი ნაწილი ექვემდებარება გამაგრებას. ავარიულად ითვლება ის ნაწილი, რომლის პირველ სართულზეც კერძო პირი სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

ექსპერტიზის დასკვნა დღეს ჟურნალისტებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ გააცნო.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ნაწილი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, იგი საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ამავე სახლის 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ნაწილს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია და ეს ნაწილი, დღეის მდგომარეობით, გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაწილი საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა, აღმოიფხვრას“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

გამაგრებითი სამუშაოები ექსპერტების რეკომენდაციებით ჩატარდება.

წინა სტატიაშისაძაგლიშვილი – არ არის გამორიცხული, აუცილებლობის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უარი თქვას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავია არჩევნების მშვიდად, წყნარად, გამჭვირვალედ ჩატარება და შემდეგ მხოლოდ საქმეზე ფიქრი და მუშაობა