ელჩის ინფორმაციით, პრემიერის სომხეთში ვიზიტის დროს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის საკითხები განიხილება

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროზე იქნება საუბარი, – ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც გიორგი საგანელიძემ აღნიშნა, დღის წესრიგში სხვადასხვა ეკონომიკური საკითხებია.

რაც შეეხება კითხვას იქნება, თუ არა საუბარი აფხაზეთის დე ფაქტო დელეგაციისა და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე, გიორგი საგანელიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე სომხეთის საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადებები უკვე გაკეთდა.

„ისაუბრებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნულ საკითხზე, ეს მისი პრეროგატივაა. სომხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არ დასტურდება რაიმე შეხვედრის ან მითუმეტეს მოლაპარაკების ფაქტი. ორ ქვეყანას შორის ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. პრემიერ-მინისტრი დასვამს ყველა იმ საკითხს, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის ამა თუ იმ მიმართულებით. დღის წესრიგში შეტანილია ბევრი საკითხი. პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხები. მათ შორის სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები, ტრანსპორტის სფერო, ენერგეტიკის სფერო, ტურიზმის სფერო”, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე იგეგმება თუ არა სომხეთთან სატრანსპორტო სფეროს მიმართულებით რაიმე ახალი პროექტი, ელჩი აცხადებს, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის ყოველთვის საინტერესოა.

„ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ტვირთბრუნვის ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და რაც მეტი საშუალება იქნება ჩვენს რეგიონში ტრანსპორტის მხრივ, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ამჯერად ამ მიმართულებით რაიმე ახალ დიდ პროექტზე არ არის საუბარი. მაგრამ არსებულ დინამიკას ყოველთვის სჭირდება ხელშეწყობა, ვინაიდან ტვირთბრუნვა და გადაადგილება ყოველწლიურად იყოს მზარდი და მოსახერხებელი“, – აღნიშნა ელჩმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი აქცია – “ერთგულების სახელით” მედიის შეზღუდვის მცდელობას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაყოფილი “ნაცი” არ არსებობს – ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს აფრთხილებს