გოცირიძე: „ძალა ერთობაშია“ შენარჩუნდება, თუმცა მისი გაფართოება იგეგმება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ახლა საუბარი ოპოზიციაში უფრო განხეთქილების შემტანია, ვიდრე ერთობის. საკმარისი იყო, აღნიშნული თემა წამოჭრილიყო და უკვე კინკლაობა დაიწყო.

დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც აერთიანებს და არა, აშორებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბევრ შემთხვევაში კომპრომისებზეც წავა, მაგრამ შეუძლებელია, მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე შეთანხმება მოხდეს ბევრგან, ნაწილობრივ და უფრო მეტია შანსია თბილისში, ეს შესაძლებელია. სრული კონსენსუსი ვერ იქნება და ეს ბუნებრივია, მაგრამ კარგია, თუ მსხვილი პარტიები შეთანხმდებიან. კარგი იქნება, თუ მაჟორიტარულ ოლქებზე „ლელოსთან“, „ევროპულ საქართველოსთან“, „ლეიბორისტულ პარტიასთან“ და კიდევ რამდენიმე პარტიასთან შეთანხმება მიიღწევა. ბუნებრივია, ერთიანი კანდიდატით პირველივე ტურში გამარჯვების მიღწევის მეტი შანსი, მაგრამ ილუზიებს ნუ მივეცემით. მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ტური მოსალოდნელია და ერთიანობა იქ იქნება საჭირო“, – აცხადებს გოცირიძე.

დეპუტატის ინფორმაციით, „ძალა ერთობაშია“ შენარჩუნდება, თუმცა მისი გაფართოება იგეგმება.

„სხვა პარტიები შემოგვიერთდებიან, ასევე ცალკეული ცნობადი და ძალიან პოპულარული სახეები. ვინ იქნებიან ახალი სახეები, ახლა ამას არ გეტვით. ბევრი ცნობადი სახეა, ვისაც სურვილი აქვს, არჩევნებში მონაწილეობა სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის ეგიდით მიიღოს. მათ ძალიან მალე იხილავთ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობას, ეს არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე, რადგან მომავალში ხელისუფლება იქნება კოალიციური და ამის შესახებ მსჯელობა იმ პარტიებთან ერთად შედგება, ვისთან ერთადაც გვინდა, ხელისუფლება შევქმნათ. ამ ერთი წლის განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც ერთი გვარი არ ყოფილა დასახელებული არც ერთ პოზიციაზე. ისეთი გულუბრყვილო რომ ვიყოთ, რომ გვჯეროდეს, 51 პროცენტს ავიღებთ, მაშინ ადვილი იქნებოდა კანდიდატის დასახელება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაზე, სადაც იქნებიან სხვა პარტიებიც. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობა და კოორდინაცია სხვა პარტიებთან მომავალში გვექნება. გამარჯვების რესურსი აქვს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, 51 პროცენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აიღებს, მაგრამ 51 პროცენტს და მეტს ის ოპოზიციური პარტიები აიღებენ, რომლებიც დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საკონსულტაციო მაგიდასთან სხედან“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მისი თქმით, გაერთიანებული ძალებით კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება, სადაც სხვადასხვა პარტიას მთავრობაში საკუთარი წარმომადგენლები ეყოლება.

„იქნება საუბარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეყოლება თავისი კანდიდატი და შეთავაზება. არასწორია ისეთი საკითხების ახლა წამოწევა, რომელიც გვასუსტებს და არ გვაძლიერებს. დრო დადგება და ყველა თავის რჩეულს დაასახელებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: არსებობს ძალიან მძიმე გამოცდილება, მძიმე მემკვიდრეობა, როგორ იყენებდა ესა თუ ის ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას
შემდეგი სტატიაზუგდიდში გამოკვლეულ 50 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა