დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპატიო სტუმარს გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც საქართველოს ტურიზმის სექტორში გამოიკვეთა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების სტრატეგიის შესახებ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაინტერესდა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიით და ქართულ მხარეს მისი განხორციელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრენდი „საქართველო“ გახდეს უფრო მეტად პოპულარული მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და ამ მიმართულებით, საქართველოს გაეროს აღნიშნული ორგანიზაცია მხარდაჭერას აღმოუჩენს.

შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარებას. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 42 ქვეყნის 250–ზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ფორუმი სწორედ საქართველოში ტარდება. მისი განცხადებით, აღნიშნული კონფერენციის ჩატარება გაცილებით პოპულარულს გახდის საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყანას და ღვინის სამშობლოს და აამაღლებს მის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3060 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა