„დიდი შვიდეული“ სასურსათო კრიზისთან საბრძოლველად 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

„დიდი შვიდეული“ სასურსათო კრიზისთან საბრძოლველად 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბავარიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასკვნით დღეს, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად წარმოქმნილი სურსათის გლობალური დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მათ ასევე მოუწოდეს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საკვების დიდი მარაგი, დაეხმარონ კრიზისის მოგვარებაში და თავი შეიკავონ საკვების შემდგომი ყიდვისგან, რათა არ მოხდეს გლობალური ფასების კიდევ უფრო სწრაფი ზრდის პროვოცირება.

„მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ დიდი მარაგები, ისევე როგორც კერძო კომპანიებს, უზრუნველყონ საკვების ხელმისაწვდომობა ბაზრის მანიპულირების გარეშე“, – ნათქვამია სამიტის საბოლოო კომუნიკეში.

როგორც მედია წერს, რუსული ჯარების მიერ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადამ გამოიწვია მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის სრული დეფიციტი და შიმშილის რეალური საფრთხის წინაშე დგას აფრიკის რამდენიმე ქვეყანა.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიმართეს რუსეთის ხელმძღვანელობას მოწოდებით, დაუყოვნებლივ მოხსნას ბლოკადა შავი ზღვის პორტებიდან, საიდანაც უკრაინული საკვების ექსპორტი ხორციელდება.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ასევე კრემლი უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის ძარცვაში დაადანაშაულეს.

წინა სტატიაშიომმა აჩვენა, რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც უნდა შევამციროთ, ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე – შოლცი
შემდეგი სტატიატექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება, ხან ერთობისაა, ხან დროებითია – ქადაგიშვილი